„სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ ჩინჩალაძეს „ღირსების ორდენი“ უნდა ჩამოართვას“ - ანა დოლიძე
პარტია „ხალხისთვის“’ ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სანქცირებულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს „ღირსების ორდენი“ უნდა ჩამოართვას.
„მისასალმებელია, როდესაც ჩვენი გადასახადები ქვეყნისთვის დადებითი მაგალითების შექმნასა და აღიარებაში იხარჯება. ამავე დროს, დროა პრეზიდენტის „ღირსების“ ორდენს ნამდვილი ღირსება შევძინოთ. სანქცირებულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს 2005 წელს მიღებული აქვს „ღირსების ორდენი“. ვფიქრობ, ზუსტად ახლა, სალომე ზურაბიშვილმა მას ეს ორდენი უნდა ჩამოართვას. ჯილდოს ჩამორთმევის პრეცედენტი არსებობს, ეს სწორედ სალომე ზურაბიშვილს აქვს გაკეთებული და კანონიც იძლევა ასეთ საშუალებას „შეურაცხმყოფელი საქციელისთვის“, - წერს ანა დოლიძე.