საშინელი ამბები ხდება კლინიკებში... გული მიკვდება, რამდენი წამალდამოკიდებული ახალგაზრდაა - რა ისტორიას ყვება სასოწარკვეთილი დედა?
მარტოხელა ქალი, ერთადერთი შვილის დედა, რომელიც ვინაობას არ ასახელებს, აცხადებს, რომ რუთული ცხოვრების გავლა მოუხდა.
მაია:
- ვერ წარმოვიდგენდი, ოდესმე ამ თემაზე საუბარი თუ მომიწევდა, მაგრამ ვფიქრობ, ასეთი ამბები უნდა გახმაურდეს, რომ შემდეგ სხვა დედებმა ეს მაგალითები გაითვალისწინონ და შვილები მეტი კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ.
ცოტა შორიდან დავიწყებ.
21 წლის ვიყავი, როცა ოჯახი სიყვარულით შევქმენი. მაშინ უნივერსიტეტს ვამთავრებდი და, პარალელურად, მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. ჩემი მომავალი მეუღლე სწორედ სამსახურში გავიცანი, ჩემზე 4 წლით უფროსი იყო. სიყვარულს მეფიცებოდა და მერე შევუღლდით. ვფიქრობდი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
მერე ერთად ვმუშაობდით, ერთად დავდიოდით სამსახურში. ერთმანეთს სიყვარული შევფიცეთ და მართლაც მეგონა, რომ მთელი ცხოვრება მასთან ბედნიერი ვიქნებოდი, თუმცა ასე არ აღმოჩნდა. დღეს გაუბედურებული ქალი ვარ, რომელიც ერთადერთ შვილსაც ვეღარ იმორჩილებს.
- რატომ, რა მოხდა?
- თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ბედნიერები ვიყავით. მალე ფეხმძიმედ დავრჩი და შვილის დაბადება ჩვენთვის დიდი სიხარული იყო. გიორგი რომ დაიბადა, სახელი მან შეურჩია. ვერ ვიტყვი, რომ ზრუნვა მაკლდა. საჩუქრებითაც მუდმივად მანებივრებდა და შვილზეც ძალიან ზრუნავდა. ბავშვი რომ წამოიზარდა და ბაღში გავუშვით, ისევ სამსახურში წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ მაშინ გამომიცხადა, რომ აღარ უნდა მემუშავა და სახლში უნდა ვყოფილიყავი. ეს არ მესიამოვნა, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ეკონომისტი ვარ და მინდოდა, რეალიზებული ვყოფილიყავი.
თვითონაც ძალიან შეიცვალა დროთა განმავლობაში, სახლიდან გასვლის საშუალებასაც არ მაძლევდა, მაღაზიაში რომ ჩავსულიყავი, ესეც მისთვის უნდა შემეთანხმებინა. თავიდან თითქოს არაფერი, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ვხედავდი, გართულდა ჩვენი ურთიერთობა. ძალიან ეჭვიანობდა, ამიტომ დაიწყო კონფლიქტები.
- შეეძლო უსაფუძვლოდ ეეჭვიანა?
- დიახ, საბაბი არასოდეს მიმიცია. ავადმყოფურად ეჭვიანი იყო. ყველაზე ეჭვიანობდა, მათ შორის - ნათესავებზეც კი, საშინელ სცენებს მიწყობდა. რომ მახსენდება ეს ამბები, ცუდად ვხდები და სულ ვუბრაზდები ჩემს თავს, როგორ ვითმენდი ამდენს? როგორ შემეძლო ამაზე გავჩუმებულიყავი?
ერთ ამბავს მოგიყვებით.
ერთ დღეს მეზობელი მამაკაცი შემოვიდა სახლში, რაღაც ხელსაწყო სჭირდებოდა. ოჯახებს კარგი ურთიერთობა გვქონდა. სწორედ ამ დროს ჩემი ქმარი მოვიდა შინ, მთვრალი და ეს კაცი რომ დაინახა, საშინელი სცენა მოაწყო. აგინა, ხელითაც გაიწია საცემრად და რაც ყველაზე შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის, კაცს უთხრა, ჩემს ცოლთან გქონდა ახლა შენ ურთიერთობაო. ის კაცი გაგიჟდა, ეს რა მაკადრეო და ხელით შეეხნენ ერთმანეთს, სასოწარკვეთილი ვკიოდი და ძლივს გავაშველე... იმ მამაკაცს ვთხოვე, სახლში წასულიყო.
მეზობლებიც მოგროვდნენ და ყველამ გაიგო ეს ამბავი.
ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი, იმ ღამით რამდენიმე ფირფიტა წამალი დავლიე და გონება დავკარგე. ჩემმა შვილმა გამოიძახა სასწრაფო და თვალი რომ გავახილე, უკვე კლინიკაში ვიყავი. ამორეცხვები ჩამიტარდა, გადასხმა და მეორე დღეს სახლში რომ გამომწერეს, ჩემმა ქმარმა ბოდიშები მიხადა, დამშვიდება დამიწყო. არ ვიცი, ეს რა დამემართა, ასეთი რამ არასოდეს განმეორდებაო. მერე იძულებული გახდა, მეზობლისთვის მოეხადა ბოდიში, რადგან თავად იმ კაცმა სცადა მასთან სიტუაციის გარკვევა. აქეთ მოვიდა და უთხრა, აბა, ახლა დაჯექი და მოყევი, რა გინდაო.
ხმა ვერ ამოიღო და სულ ბოდიშებს უხდიდა.
ჩემი მოწამვლის ამბავი რომ შეიტყვეს ჩემმა მშობლებმა, მაშინ გაიგეს, რა დღეშიც ვიყავი. მაშინ ვერ შევიკავე თავი და ყველაფერი ვუამბე დედას, მანამდე ვმალავდი მისი ეჭვიანობის ამბავს. წარმოიდგინეთ, ჩემს სახლში წასვლის საშუალებასაც არ მაძლევდა, თუ წავიდოდით, ბავშვთან ერთად წავიდოდით და ისევ უკან მოვდიოდით ხოლმე. ამ ამბის შემდეგ, კარგა ხანს თითქოს მშვიდად იყო და სცენები არ მოუწყვია, დარცხვენილი დადიოდა.
იმედი გამიჩნდა, რომ ყველაფერი დალაგდა. მეც ვიცოდი, რა არ მოსწონდა და აღარ ვაღიზიანებდი, ვცდილობდი, მორჩილი ცოლი ვყოფილიყავი. სულ სახლში ვიჯექი და ჩემს შვილს ვზრდიდი.
ცოდვა გამხელილი სჯობს, მიყვარდა ჩემი ქმარი, ის ჩემი პირველი სიყვარული იყო და ამიტომ ვპატიობდი ალბათ ამდენს. თან არ მინდოდა, ჩემი ერთადერთი შვილი მამის გარეშე გაზრდილიყო, ამიტომ ბევრჯერ დავთმე, ბევრჯერ მიტირია მარტო დარჩენილს... სხვა შვილის გაჩენაზე არც მიფიქრია, არადა, ძალიან მინდოდა, გოგონა მყოლოდა, მაგრამ კიდევ ერთი შვილის გაჩენაზე უარი ვთქვი, რადგან არ ვიცოდი, როდის დაიძაბებოდა ჩვენ შორის ურთიერთობა.
მორჩილი ცოლის როლში ყოფნა ჩემთვის რთული აღმოჩნდა, უფრო დავისტრესე, ყველასთან კომუნიკაცია გავწყვიტე. დაქალები, მეგობრები რომ მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, რატომ არ ჩანხარო, რაღაც მიზეზს ყოველთვის ვპოულობდი და მათთან შეხვედრას გავურბოდი. სახლში ჩავიკეტე, ამას ისიც დაემატა, რომ ქმარმა საყვარელი გაიჩინა და ეს ამბავი ჩემმა ყოფილმა თანამშრომელმა მომწერა. სამსახურში ჰყავდა საყვარელი, ალბათ, ამიტომ არ უნდოდა, სამსახურში გავსულიყავი. ჩვენ ერთ ოფისში ვმუშაობდით ადრე და იცოდა, რომ ამას გავიგებდი.
- ღალატზე რა რეაქცია გქონდათ?
- საშინელი რეაქცია მქონდა, სახლში რომ დაბრუნდა, ძალიან ვიჩხუბეთ. მაშინ მომახალა, რომ ის ქალი უყვარდა და სახლიდან წავიდა. ეს ამბავი კიდევ ერთი იმედგაცრუება იყო ჩემთვის. ძალიან დავისტრესე. თავისი ნივთები ჩავულაგე და სახლიდან წავიდა. ამის მერე მივიღე განქორწინების გადაწყვეტილება, როგორც აღმოჩნდა, ეს მასაც ძალიან აწყობდა და ოფიციალურად გაყრა გაფორმდა.
სასამართლოს გარეშე გავეყარეთ ერთმანეთს და ბინაც გავყიდეთ.
მე და ჩემს შვილს ჩვენი წილი მოგვცა და პატარა ბინა ვიყიდეთ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან გამიჭირდა, მაგრამ შემდეგ შევეგუე ჩემს ბედს. სხვა უბანში გადავედით საცხოვრებლად, რამდენიმე თვე ფსიქოლოგთან ვიარე, იმან ძალა მომცა და მისი დახმარებით, მალე სამსახურიც ვიშოვე. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ჩემს შვილს დაჩაგრულად არ ეგრძნო თავი, ერთადერთ იმედს მასზე ვამყარებდი და რას ვიფიქრებდი, რომ ისიც ცხოვრებას გამიმწარებდა.
- რატომ, რა მოხდა?
- ბავშვი 11 წლის იყო, როცა ჩვენ ერთმანეთს დავცილდით და ცალკე გადმოვედით საცხოვრებლად. გიორგის მამა ძალიან უყვარდა და ამ ფაქტმა მასზე ძალიან იმოქმედა. ძალიან გულჩათხრობილი გახდა, მამის ნახვაზეც უარს ამბობდა, არც მე მქონდა სურვილი მაშინ, რომ ჩემი შვილი ენახა და მასთან კავშირი გავწყვიტეთ.
ბავშვი შეიცვალა, ვეღარ ვიმორჩილებდი, ჩემს ყველა ნათქვამს აგრესიულად პასუხობდა, რატომღაც, მომხდარში მე მადანაშაულებდა. სკოლის შეცვლა მოუხდა და ამ ამბავმაც იმოქმედა მასზე. ფსიქოლოგთან დამყავდა. წამოიზარდა და ბევრ რამეს ისევ აპროტესტებდა, ამიტომ იძულებული ვიყავი, მისი კონტროლი შემეწყვიტა. თავის ნებაზე მიმეშვა, თუმცა შეძლებისდაგვარად, მაინც ვაკონტროლებდი, ჩუმ-ჩუმად, რომ რაიმე ცუდი არ ჩაედინა.
მოგეხსენებათ, ოჯახს რამდენი რამ სჭირდება, ამიტომ მეორე სამსახურშიც დავიწყე ბუღალტრად მუშაობა და, ძირითადად, სამსახურში მიწევდა ყოფნა, რომ თავი გვერჩინა. ეტყობა, ყურადღებაც მოვადუნე და ჩემი შვილი უბნის ბიჭებში გაერია. ფული სულ ჰქონდა და ამიტომაც, ეტყობა, ამ ბიჭებმა დაიმეგობრეს.
არადა, ფულს რომ ვაძლევდი, მეგონა, ამით კომპენსაციას ვუკეთებდი იმის, რომ უმამოდ იზრდებოდა და ყველა სურვილს ვუსრულებდი.
ერთ დღეს სამსახურში ვიყავი, პოლიციიდან რომ დამირეკეს... ამ დღის გახსენება არ მინდა. ჩემი შვილი ხულიგნობის ბრალდებით დაიჭირეს, 20 წლის იყო მაშინ... ეს დიდი შოკი იყო ჩემთვის. ყველაზე მძიმედ გადასატანი აღმოჩნდა.
ციხეში დიდხანს არ ყოფილა, მოვახერხე, რომ იქიდან დროულად გამომეყვანა, პირობითი სასჯელი მიესაჯა.
ამის შემდეგ ხელიდან არ ვუშვებდი, ჩემთან დავაწყებინე მუშაობა და სულ გვერდით მყავდა. ცდილობდა, ჩემი აზრები გაეთვალისწინებინა. მუშაობდა. ვიფიქრე, ცოლს მოიყვანს, იქნებ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს-მეთქი, ვიცოდი, შეყვარებული ჰყავდა და ვუთხარი, ვინც გინდა, ის შეირთე ცოლად, მე გვერდით დაგიდგები-მეთქი.
ცოლი მოიყვანა, მაგრამ ვერ გაუგეს ერთმანეთს. ორი წელიც არ უცხოვრიათ ერთად. ჩემი რძალიც მძიმე ხასიათის გოგო იყო, სულ ჩხუბობდნენ, ბევრი ვეცადე მათი ოჯახის შენარჩუნებას, მაგრამ ვეღარ შევძელი.
- შვილი ჰყავთ?
- არა, შვილი არ ჰყავთ. არც ერთი თმობდა პოზიციებს და დაინგრა მათი ოჯახი. ამ ამბის შემდეგ ჩემი შვილი ისევ აირია. ჩვენი თითქოს დალაგებული ცხოვრება უფრო გართულდა, მუშაობაც მიატოვა, სულ ბირჟაზე იდგა და ხშირად სვამდა. ამის გამო ვეჩხუბებოდი, შემდეგ უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდი, წამალდამოკიდებული გახდა და ამ ამბავმა საერთოდ გამანადგურა.
ნარკოტიკის მომხმარებელია.
ეკონომიკურადაც ძალიან გამიჭირდა, რადგან სახლიდან ნივთებიც კი გაჰქონდა. ძალიან აგრესიულია, უმიზეზოდ შეუძლია მეჩხუბოს და სულ ფულს მთხოვს. მე, მარტოხელა ქალმა საიდან უნდა მოვიტანო ამდენი ფული? ვწვალობ, რომ ოჯახის რჩენა შევძლო.
ახლა დიდი ძალისხმევით ჩავრთე პროგრამაში და იმედი მაქვს, ნარკოლოგის და ფსიქოლოგის დახმარებით, როგორმე დავძლევთ ამ უდიდეს პრობლემას. იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, ორი კვირა ფსიქიატრიულშიც კი იწვა. სერიოზული მკურნალობა სჭირდება, ექიმთანაც არ მომყვებოდა, ამბობდა, სამკურნალო არაფერი მჭირსო, მაგრამ ახლა ჯერჯერობით მემორჩილება და იმედი მაქვს, სპეციალისტების დახმარებით დავძლევთ ამ სენს. მეტადონის პროგრამაშია ჩართული.
როცა ნორმალურ ჭკუაზეა, მაშინ მეფერება და პატიებას მთხოვს, მეუბნება, რა ვქნა, არ მინდა ასეთი რომ ვიყოო.
მეც ვხედავ, მართლა ავად არის.
დედისთვის ძალიან ძნელია ამ ვითარებასთან შეგუება. მთელი ცხოვრება ვიბრძვი და იმედი მაქვს, ამ ბრძოლას ექნება შედეგი. სხვანაირად ჩემს ცხოვრებას აზრი არ ექნება.
- მამასთან აქვს ურთიერთობა?
- არა, არც ამან აპატია და არც ის იწუხებს თავს შვილის ამბით. თავიდან, სამი წელი ალიმენტს მიხდიდა და მერე ესეც მიატოვა.
ახლა სხვა ოჯახი აქვს, იქ შვილები ჰყავს და მათზე, ალბათ, ზრუნავს, გიორგი არც ახსოვს. არც დაბადების დღეზე მოიკითხავს. სწორედ ის არის დამნაშავე იმაში, რომ ჩვენ დღეს ამ დღეში ვართ. მან შვილი იმ დროს მიატოვა, როცა მამა ყველაზე მეტად სჭირდებოდა გვერდით.
მეც დავუშვი, ალბათ, შეცდომა, ვცდილობდი და სულ იმას ვფიქრობდი, რომ უმამოდ დარჩენილ ჩემს შვილს არ ეგრძნო თავი ცუდად და მაქსიმუმს ვუკეთებდი. ყველა სურვილს ვუსრულებდი. ჯიბეში ფული სულ ჰქონდა და ამან დამღუპა. სულ ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვი და ეს ამიტომ მოხდა. ცოტა სხვანაირად უნდა გამეზარდა. ასეთი გათამამებული არ უნდა მყოლოდა. არადა, თითქოს ფრთხილი დედა ვარ, სულ იმის შიში მქონდა, რომ ცუდ საქმეში არ გარეულიყო ჩემი შვილი, მინდოდა, გვერდით მყოლოდა, ამიტომ ქვეყნიდან წასვლაზე არც მიფიქრია. საკმაოდ კარგად ვიცი ჩემი საქმე და სამუშაო სულ მაქვს, შემოსავალიც, ეტყობა, აქცენტი ფინანსურ მხარეზე უფრო გადავიტანე.
ვშრომობდი, რომ გული არ დასწყვეტოდა ჩემს შვილს და ახლა ვხვდები, რომ ეს შეცდომა იყო. ჯობდა, არ მიმეცა მისთვის ფული და ასე აიცილებდა ქუჩას, იმ ქუჩას, რომელმაც ასეთ დღეში ჩაგვაგდო.
საშინელი ამბები ხდება კლინიკებში, იმდენი წამალდამოკიდებული ახალგაზრდაა, გული მიკვდება. განსაკუთრებით კლუბურ ნარკოტიკებს მოიხმარენ და ეს სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ამიტომ ვურჩევ დედებს, უფრო მეტად გააკონტროლონ თავიანთი შვილები, რომ როგორმე არ ასცდნენ გზას, ძალიან განადგურებული ვარ, ერთადერთი შვილი მყავს და არ ვიცი, რა გავაკეთო.
ახლა ერთად ვიბრძვით, რომ როგორმე თავი დააღწიოს ამ სენს. ბევრჯერ თავის მოკვლაზეც მიფიქრია, მაგრამ რომ დავფიქრდები, შეიძლება ჩემი შვილი მერე უპატრონოდ დარჩეს, ამ გაფიქრებისთვის ჩემს თავს ვუბრაზდები. ის არ არის პატარა ბიჭი. წესით, ამ ასაკში აქეთ უნდა ზრუნავდეს დედაზე, მაგრამ რა ვქნა, ახლა ჩვენ ბრძოლაში ვართ და იმედი მაქვს, სპეციალისტების დახმარებით ამ მდგომარეობიდან გამოვიყვან.