ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩვენთვის სიხარული ჩაემწარებინათ, ბოღმით ივსებიან - რაზეა ნაწყენი ხვიჩა კვარაცხელიას მამა?
ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ძალიან გული წყდება, როდესაც სოციალურ ქსელში "ფეიკ ნიუსებს" ავრცელებენ.
მისი თქმით, ხვიჩა ამდენი უსაფუძვლო კრიტიკის შემდეგაც ოჯახზე ფიქრობს, რომ მათ არაფერზე ინერვიულონ.
"ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით! ხვიჩასთვის პირველ პლანზე არის ფეხბურთი და შემდეგ ყველაფერი სხვა. უფრო სწორად, ჯერ სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარი, შემდეგ კი - ფეხბურთი და სხვა დანარჩენი. ამდენი უსაფუძვლო კრიტიკის შემდეგ კიდევ ჩვენზე ფიქრობს.
დედას ურეკავს ხოლმე: შენ და მამამ არ ინერვიულოთ, ეს ყველაფერი უფრო მაძლიერებსო. არადა, როგორი გასაძლებია, რაც "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ ხდებოდა?! გვირეკავდნენ, მოგონილ ნიუსებს ავრცელებდნენ სათაურებით: "ხვიჩას ბებია გარდაიცვალა", "ტრაგედია ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახში" და ა.შ.
ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სიხარული ჩაემწარებინათ ჩვენთვის. ვერ აიტანეს, რომ უამრავი პრობლემით დამძიმებული ხალხი იმედით აავსო ფეხბურთში მიღწეულმა მცირე წარმატებებმა. ასეთ ხალხს არც მივიჩნევ ქართველებად: თავისი ქვეყნის, თავისიანის წარმატება რომ არ უხარია და ბოღმით ივსება...
თურმე მათ უნდა შევუთანხმოთ, ჩემი შვილი პატრიარქს ესტუმროს თუ არა. ნეტავ, ამაზე მეტი საგინებელი არ ჰქონდეს ჩემს ოჯახს, გვარს და სანათესაოს! ხვიჩაზე რა უნდა ვთქვა, როცა საქართველოში წარმოებულ პრეზერვატივზე კათოლიკოს-პატრიარქი და თამარ მეფე დახატეს?! თუმცა ჩემი შვილი იმდენ ხალხს უყვარს, რამდენიმე ღვარძლიანი ადამიანის კრიტიკას როგორმე ავიტანთ“,- ამბობს ბადრი კვარაცხელია „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.