სიმთვრალეში სექსუალურადაც ძალადობდა ჩემზე... როდესაც მამცირებდა, ბედნიერი იყო - ოჯახში ძალადობის უმძიმესი ისტორია
საქართველოში ოჯახში ძალადობა ისევ მწვავე პრობლემად რჩება. ქალები ხშირად ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან.
რესპნდენტი სახელად მაკა ამბობს, რომ 10 წელი საშინელ ჯოჯოხეთში იცხოვრა, რა გზა გამოიარა ახალგაზრდა ქალმა, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
მაკა:
- დევნილები ვართ, პატარა ვიყავი, აფხაზეთიდან რომ წამოვედი. ამიტომ იქაურობა ბუნდოვნად მახსოვს. თბილისში ვცხოვრობდი ეს წლები. ჩემი მშობლები გაშორებულები არიან. მამა რუსეთში წავიდა აფხაზეთის ომის შემდეგ, იქ შექმნა ოჯახი და ჩვენთან ურთიერთობა გაწყვიტა. მე და ჩემი და დედასთან და ბებოსთან ერთად ვცხოვრობდით. იყო პერიოდები, როცა ეკონომიკურად ძალიან გვიჭირდა, ძლივს გაგვქონდა თავი. დედა მაღაზიაში გამყიდველად მუშაობდა, სახლში გვიან, დაღლილი ბრუნდებოდა. ჩვენ ძირითადად, ბებოსთან ვიყავით.
კარგად ვსწავლობდი, მინდოდა უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა და ოჯახი ყველანაირად გვერდში მედგა. პედაგოგიურზე ჩავაბარე და პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ჩემი მეუღლე რომ გავიცანი. ისიც სტუდენტი იყო, 5 თვეში ცოლად გავყევი.
პატარა ასაკში ბევრ რამეს არ აქცევ ყურადღებას. სიყვარულს მიმტკიცებდა და მეგონა, ვუყვარდი. თავიდან ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. რამდენიმე თვე დედამთილთან და მის და-ძმებთან ერთად ვცხოვრობდით, ჩემს ქმარს 3 და-ძმა ჰყავს, რადგან სახლში სივიწროვე იყო, ჩემებმა ცოტა თანხა მომიგროვეს და ბინა დავიგირავეთ. რამდენიმე წელი დაგირავებულ ბინაში ვიყავით.
მძიმე ხასიათი მან მოგვიანებით გამოაჩინა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მარტო გადავედით. მერე დაიწყო კონფლიქტები, ძირითადად, ეჭვიანობდა. ვცდილობდი, მისთვის ეჭვიანობის საბაბი არ მიმეცა. თავიდან ურთიერთობა გაუსაძლისი არ იყო, ამიტომ დედასაც არაფერს ვეუბნებოდი. როდემდე უნდა იყოთ ნაქირავებშიო და დედაჩემმა ბანკიდან კრედიტი აიღო, ბინის გირაოს თანხას დავამატეთ ეს ფული და 2-ოთახიანი ბინა ვიყიდეთ. მესამე შვილზე ვიყავი ამ დროს ფეხმძიმედ.
ნელ-ნელა კონფლიქტებმა იმატა, სერიოზული პრობლემები შემექმნა მას შემდეგ, რაც სისტემატურად დალევა დაიწყო. სვამდა, მარიხუანას მოიხმარდა და ვხედავდი, პრობლემა ყოველ დღე მემატებოდა. მოითხოვდა, მეც მუშაობა დამეწყო. სწავლა შუა გზაზე მივატოვე და სად უნდა მემუშავა? იძულებული გავხდი, საცხობში დამეწყო მუშაობა. რა პრეტენზიებიც მას ჰქონდა, ყველაფრის შესრულებას ვცდილობდი, მინდოდა, ასე ამერიდებინა კონფლიქტები, მაგრამ შევცდი.
- თვითონ მუშაობდა?
- იშვიათად. ჩემები ძალიან მეხმარებოდნენ, თვითონ სულ ჩემს დამცირებას ცდილობდა. სიმთვრალეში სექსუალურადაც ძალადობდა, მაგრამ მე ვცდილობდი, ეს ყველაფერი არ გამეხმაურებინა. ის ქმარია და ყველაფერი უნდა მომეთმინა, ასეთი დამოკიდებულება მქონდა.
როცა მესამე შვილზე ვიყავი ფეხმძიმედ, მაიძულებდა, სასმელი დამელია... დედაჩემი ხვდებოდა, რომ არ ვიყავი ბედნიერი, სულ მეკითხებოდა, - რამე ხომ არ გიჭირსო? მაგრამ ვუმალავდი, არ ვეუბნებოდი. ისედაც მძიმე რეჟიმი ჰქონდა და არ მინდოდა ენერვიულა. ბევრჯერ ხელითაც შემხებია მთვრალი, ამას ძალიან განიცდიდა ჩემი უფროსი შვილი და სულ ტიროდა.
მერე ბავშვის მიმართაც გაუჩნდა აგრესია, მასზე ძალადობა დაიწყო, ბავშვი რომ ტიროდა, თვითონ უყვიროდა, ხელითაც ეხებოდა, ემუქრებოდა, ეს უკვე ვეღარ მოვითმინე და ერთ დღეს გამწარებულმა დედაჩემს დავურეკე. მას ყველაფერი მოვუყევი. დედამ სახლში წაგვიყვანა მე და ჩემი შვილები.
რამდენიმე დღეში მოვიდა შესარიგებლად, მაშინ დამპირდა, რომ ასე აღარ მოიქცეოდა. სასმელს აღარ დავლევო, სამსახურიც ვიშოვე და ვიმუშავებო. მეც გულუბრყვილოდ დავუჯერე და ისევ დავბრუნდი ჩვენს ბინაში.
ღვინო რომ არ დაელია, ნემსიც გავუკეთე, თვითონ გამოთქვა ამის სურვილი და ალკოჰოლს მართლა ვეღარ სვამდა ერთი წელი. მუშაობდა, სახლში ფულიც მოჰქონდა და კარგად იქცეოდა, მეგონა, გამოსწორდა და მიხაროდა.
ერთ დღეს მითხრა, მიწა იყიდება, პატარა სახლია ჩადგმული და ჯობია ის ვიყიდოთ, აქ ვიწროდ ვართო, მეც დავეთანხმე. ჩემების ნაყიდი 2-ოთახიანი ბინა გავყიდეთ და ავჭალაში პატარა ეზოიანი სახლი ვიყიდეთ. ეს სახლი თავის სახელზე გაიფორმა. მაშინ არც ეს გამიპროტესტებია, მეგონა გამოსწორდა, მიხვდა თავის შეცდომებს და ნორმალურად ვიცხოვრებდით, მაგრამ თურმე ძალიან ვცდებოდი. როგორც კი იმ ნემსს გაუვიდა ვადა, ისევ დაიწყო დალევა და ჩემი წამება... ისე მექცეოდა, თვითმკვლელობამდე მივყავდი... მემუქრებოდა, მოგკლავ, თუ გაახმაურებ ამ ამბებსო. მეშინოდა მისი და შიშით ხმასაც ვეღარ ვიღებდი.
ერთ დღეს, ჩემმა მეგობარმა მნახა საშინელ მდგომარეობაში, ნამტირალევი, დასივებული სახით და რომ არ მომეშვა, მას ვუამბე ყველაფერი. მეორე დღეს ფსიქოლოგთან წამიყვანა. ფსიქოლოგს რომ ვუამბე რა მდგომარეობაშიც ვიყავი, მან თვითონ გამოიძახა პოლიცია, ამ დროს მათი მხარდაჭერა ვიგრძენი. მაშინ მივხვდი, რომ გაჩუმებას უკვე აღარ ვაპირებდი და ის 10 წელი რა ტანჯვაც გამოვიარე, მათ დეტალურად მოვუყევი.
ბავშვებთან ერთად თავშესაფარში გადამიყვანეს, რადგან დედასთან დაბრუნება არ მინდოდა. მეშინოდა იმის, რომ იქ მოგვძებნიდა და ჩვენზე შურს იძიებდა.
ეს ამბავი წლების წინ მოხდა და მაშინ ასე ადვილად არ აკავებდნენ მოძალადეებს, მაშინ მას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს...