თბილისი-მოსკოვის ფრენების აღდგენა სახელმწიფოს ღალატს უტოლდება - ლევან ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, რუსეთის მმართულებით ფრენების აღდგენა სახელმწიფოს ღალატს უტოლდება.
"ტერორისტ პუტინს "ქეშის“, სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ სჭირდება ეს ფრენები. ყველამ კარგად იცის, რომ მაგალითად, თბილისი-მოსკოვამდე თითქმის კვირა შეიძლება დასჭირდეს, ერთი კვირა შეიძლება დასჭირდეს ავტომობილს გადაადგილებისთვის და ცხადია, სახიფათოა ხომ? როცა სანქცირებული ოქრო მიგაქვს, მილიონობით დოლარი გადაგაქვს, ან თუნდაც სამხედრო ჩიპებისთვის, სახიფათოა, ამიტომ, ფაქტობრივად, ამ ფრენებით გაიიოლა საქმე პუტინმა. ცხადია, ამ საქმეში ჩართული იქნება ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ბატონი ლილუაშვილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტვირთების გადამოწმების გარეშე შეტანა-გამოტანა.
ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინს ომის პირობებში, როცა უკრაინას თავს ესხმის, როცა აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას, საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სჭირდება თბილისი-მოსკოვის ფრენები და არა პირობითად, ხალხზე ზრუნვის გამო, ან თუნდაც ეთნიკურად ქართველებისთვის, თურმე რა კარგი იქნება ეს ფრენები. ეს ფრენები იქნება კარგი მხოლოდ და მხოლოდ პუტინისთვის, მისი ტერორისტული ზრახვებისთვის, ამაში ბევრ მილიონს იშოვის ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი. საბოლოოდ, "რუსული პარტია“ საქართველოში ეხმარება პუტინს ომის განხორციელებაში უკრაინაში და საქართველოს ოკუპაციისთვის ფაქტობრივად, ეკონომიკურ მილიონობით დოლარს ასხამენ თავად ჩვენი ქვეყნის მეშვეობით. შესაბამისად, ეს არის ის ფრენები, რომელიც სახელმწიფოს ღალატს უტოლდება, საუბარია "შავი ფულის ქეშის“ ტარებაზე თბილისი-მოსკოვის მიმართულებით, სანქცირებული ოქროს ტარებაზე. ასევე, ცხადია, ეს უკავშირდება ე.წ. სამხედრო ჩიპებს, რომელიც შესაძლოა, ასე ვთქვათ, ამ ფრენებით გადაადგილდეს და მარტივად რამდენიმე საათში მიიღოს პუტინმა ის, რაც მისთვის ომის პირობებში ასე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა. პუტინის განკარგულების თანახმად, სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება. ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვაც მოხსნა.