ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია, არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა - ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ და ფრთხილ პოლიტიკას ატარებს, რომლის მთავარი მიზანია, არ დაზარალდეს ქვეყანა და საზოგადოება.
"ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია, არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა. მოლდოვა არის დაახლოებით ჩვენს მსგავს ვითარებაში, არის დღემდე დსთ-ის წევრი ქვეყანა, მოლდოვას კონსტიტუციაში უწერია, რომ არასდროს გახდება ნატოს წევრი, მას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის. მოლდოვას რომ აქვს ფრთხილი პოლიტიკა, არავინ საყვედურობს, ყველა გაგებით ეკიდება.
არცერთი ევროპარლამენტარი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ მოქმედი ხელისუფლება მოლდოვაში არის პრორუსული. თქვენ იცით საქართველოზე რას ლაპარაკობენ - ათას სისულელეს, ათას აბსურდს და ტყუილს. მოლდოვის სიფრთხილე და პრაგმატულობა როცა ყველას ესმის და ჩვენი ამის ნახევარიც არ ესმით, აქ საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს რა არის ამის მიზეზი. მგონი, მიზეზი არის ერთი რაღაც: საქართველოსგან, სამწუხაროდ, ელოდებიან სხვა რამეს, მოლდოვისგან განსხვავებით. არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოსგან აქვს სხვა რამის მოლოდინი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.