თეგებით ძიება

"ჩვენ არსდროს გვყოლია ჭკუასუსტები, პათოლოგები, მანიაკები მეფეებად“ - რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე?

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და  წერს, რომ საქართველოს ყოველთვის საამაყო მეფეები ჰყავდა.

"ხშირად წავაწყდები ხოლმე, უკიდერუსად ზერელე და აგდებით აზრებს (მსჯელობას ვერ დავარქმევდი) ჩვენს მეფეებზე, ნეტავ რას წარმოადგენენ, სულ სამი-ოთხი კარგი მეფე თუ გვყავდაო. ამას ის იტყვის ვისაც საქართველოს ისტორიაზე საშუალო დონის წარმოდგენაც კი არ აქვს და სულ რამდენიმე მეფის სახელი იცის და იქიდან პოზიტიურები ამოარჩია. ასეთ მსჯელობას ვერცერთ ისტორიკოსთან ვერ ნახავ, უბრალოდ მინიმუმ დიდი ივანე ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორიის ტომეულები მაინც უნდა წაიკითხო და მოწიწების, პატივისცემის და სიყვარულის მეტი არაფერი დაგებადება მთლიანობაში, ცალკეულ გამონაკლისთა გარდა.

მარტო ის რად ღირს, რომ ყველა ჩვენი მეფე უაშუალოდ მიუძღოდა ქართულ ლაშქარს მომხვდური მტრის წინააღმდეგ და პირველნი ისინი წირავდნენ თავს, იყვნენ ჯარს სწორუპოვარი და ნაქები მთავარსადლებად, ასე იყო სულ დასაწყისიდან ვიდრე ერეკლემდე და სოლომონ მეორემდე. ერთადერთი გამონაკლისი მეფე გიორგი მეთორემეტე იყო რომელიც დაავადმყოფებული გამეფდა და ბრძოლის თავი აღარ ჰქონდა და სამ წელში კვდება შუა ასაკში. დანარჩენები უკლებლივ საკუთარი მარჯვენით იცავდნენ ქვეყანას და ბრძოლაშიც არაერთი მათგანი მოკვდა, ან მტრის მიერ ტყვედ აყვანილი სიკვდილით დასაჯეს, ან ტყვეობაში კვდება, მათ შორის: აშოტ კურაპალატი, გიორგი ლაშა, დემეტრე თავდადებული, გიორგი VII, კონსტანტინე I, ლუარსაბ I, სიმონ I, ლუარსაბ II, ალექსანდრე II (კახეთის), კონსტანტინე II (კახეთის). და ჩვენ ქვეყანას კი ისეთი გეოგრაფიული არეალი ჰქონდა, რომ მუდმივად მსოფლიო იმპერიების თავდასხმის არეალი ვიყავით: რომის იმპერია, ირანის იმპერია, ბიზანტია, არაბთა იმპერია, თურქ-სელჯუკთა იმპერია, ხორეზმის იმპერია, მონღოლთა იმპერია, თემურ-ლენგის და მისი მემკვიდრეების თურქმანული იმპერია, ოსმალეთის იმპერია, სპარსეთის იმპერია, სულ ბოლოს კი რუსეთის იმპერიამ გადაგვყლაპა ამდენი ომებით და ხოცვა-ჟლეტით დასუსტებულნი და დაშლილნი. 

იმდენად სანაქებო იყო ბაგრატიონთა სიმამაცე და მხედრული ნიჭი, რომ ირანის სპასალარებად (ანუ მთავარსარდლებად) მიყოლებით ინიშნებოდნენ ბაგრატიონები ირანის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის დაპყრობის პერიოდში მე-17-18 საუკუნეებში, მათ აბრძოლებდნენ ავღანეთში და ინდოეთში. 

იშვიათია მსოფლიო ისტორიაში ქვეყანა, რომელსაც ამდენი მეფე-პოეტი, მეფე-მთარგმნელი და მეფე-მეცნიერი ჰყავდეს: დავით აღმაშენებელი, დემეტრე I, თამარი, დავით I (კახეთის), თეიმურაზ I, არჩილ II, ვახტანგ VI, თეიმურაზ II. თვით მოღალატე დავით XI იგივე დაუდ-ხანიც კი უმნიშვნელოვანეს ლიტერატურულ-სამკურნალო ძეგლს, კარაბადინს უტოვებს ქართველ ხალხს. 

გვყავდა შავი ლაქებიც ბაგრატიონთა ათასასწლოვანი მმართველობისას, მაგრამ ეს ბუნებრივი გამონაკლისებია, რომელთა განზოგადება სისულელეა. განსაკუთრებით შავი ლაქაა იმერეთის ბაგრატიონთა ისტორია მე-17 საუკუნის შუა ხანებინად მე-18 საუკუნის შუა ხანებამდე, ასწლოვანი პერიოდი. მაგრამ განსაკუთრებული ეპოქაა ზოგადად დასავლეთ საქართველოს საზოგადოების დიდი ხრწნის, სამაგიეროდ მეფე სოლომონ პირველის გენიამ ეს უბედურება დაასრულა და იმერეთის სამეფოც გაწმინდა ოკუპანტი ოსმალებისგან საკუთარი მარჯვენით, რომელნიც იყვნენ დიდწილად ამ ზნეობრივი უბედურებების ხელშემწყობნი.

ბაგრატიონი მეფეები აერთიანებენ და ქმნიან ერთიან საქართველოს (მე-11 ს.) და ბაგრატიონებივე შლიან  თავის შექმნილ ერთიან საქართვველოს მე-15 საუკუნეში, აქ შეგვიძლია მათი დადანაშაულება, მაგრამ მთავარი მიზეზი ერთიანი სახელმწიფოს დაშლისა იყო არა შიდადინასტიური დავა და ბრძოლა, არამედ საქართველოს სახელმწიფოს ეკონომიკური დაქვეითება და განათლების, ხელოვნების, კულტურის მოშლა მონღოლთა ბატონობის და თურქმანთა გამანადგურებელი ლაშქრობებს შედეგად. ისიც გავიხსენოთ, რომ სამ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად (ორ სამეფოდ და მესხეთის ჯაყელთა სამთავროდ) მონღოლებმა გაყვეს საქართველო მე-13 საუკუნის მეორე ნახევრიდან. ასე რომ ეს დაშლა (მე-13 საუკუნეში დაწყებული და მე-15 საუკუნეში საბოლოოდ ფორმირებული) იყო გლობალური მასშტაბის საგარეო მტრის გეგმაზომიერი ქმედება და ეს შემდგომ ირანის და ოსმალეთის იმპერიებმაც დააკანონეს 1555 წლის ამასიის ზავით. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის დაშლის საკითხი უფრო გლობალური მიზეზების შედეგია, ვიდრე ოდენ შიდადინასტიური ბრძოლების.

ამ ყველაფრით, იმის თქმა არ მინდა, რომ მეფეების კრიტიკა არ შეიძლება, ან ცუდი არაფერი გაუკეთებიათ, არც მონარქიის აღდგენის მომხრე ვარ, პირიქით - სასტიკად ვეწინააღმდეგები, მაგრამ წარსული გმირი და სახელოვანი მეფეების სათანადო პატივისცემა აუცილებელი ეროვნული და პატრიოტული ვალდებულებაა.

პ.ს. ისიც აღსანიშნავია, რომ ბევრი სხვა ქვეყნისაგან განსხვავებით, ჩვენ არ გვყოლია ჭკუასუსტები, პათოლოგები, მანიაკები მეფეებად", - წერს დეკანოზი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა