"ეს კიდევ მომიკლეს..." - რას წერს ჟურნალისტი?
ჟურნალისტი, თამო კეშელავა რამდენიმე წლის წინანდელ ამბავს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ჩხუბის მომსწრე გახდა.
"ხმაური შემომესმა, გავხედე და უცხოელთა ორი ჯგუფია, ჩემთვის უცხო ენაზე საუბრობენ, მაგრამ ჩხუბი ყველა ენაზე ჩხუბია დ მივხვდი, რომ რაღაცას ვერ იყოფენ, თუმცა, ვერ მივხვდი რას... კიდევ ერთი, რასაც მივხვდი, ის იყო, რომ ორივე ჯგუფი სხვადასხვა ენაზე საუბრობს და სავარაუდოდ, არც მათ ესმის ერთმანეთის...
ამასობაში, ბავშვმა იტირა, თუ მოხუცმა დამიძახა, თუ ვიღაცამ წითელზე გაიარა და წამით გავიხედე სხვა მხარეს...
ერთი წამით გავიხედე და უცებ... ლაწააან...
მოვტრიალდი და ჩემი ლარნაკი, რომელიც გარეთ იდო მაგიდაზე, ჩემი ლარნაკი, მაღალი, ყელმოღერებული, ჩემი შავ-თეთრი ლარნაკი, რომლის მსგავსიც 4 წლის წინ ხელიდან გამიცურდა და გამიტყდა, მალევე კი მისი მსგავსი ვიყიდე, ჩემი მეორედ ნაყიდი ლარნიკი შუაზეა გაპობილი, ამ სიტყვის - გაპობილი - პირდაპირი გაგებით, გაპობილია ძირამდე, მაგრამ ჯერ მაინც დგას, შევხედე და თითქოს ამას ელოდაო, ჯერ ნატეხებად ჩამოიშალა და თითოეული ნატეხი ჰაერშივე, მაგიდაზე დაცემამდე დაიფშვნა.
პირველი, რამაც თავში გამიელვა ის იყო, რას უნდა ნიშნავდეს ორი ერთნაირი ლარნაკის გატეხვა 4 წელიწადში...
მაგრამ, მერე გამახსენდა, რომ ის, პირველი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა და ეს კიდევ მომიკლეს და ამ ორი რამის შედარება არც კი შეიძლება. ბრაზმა შემომიტია და იმ ბედოვლათებზე გადავიტანე მზერა, ვინც ეს გაბედა...
პირველ ჯგუფში საშუალო სიმაღლის, ჩასხმული, დაკუნთული ბიჭები ჭარბობდნენ, ძლივს დამდგარი ზაფხულის ფონზე, ძალიან თბილად ეცვათ, შავი კურთუკები, შავი, ნახევრადსამხედრო, გვერდზე დიდჯობეებიანი შარვლები და მაღალყელიანი კეტას-ბოტასები.
მეორე ჯგუფში მაღალი და გამხდარი კაცები ჭარბობდნენ, თეთრი მაისურები ეცვათ, უმკლაო, აი, პერანგის ქვეშ რომ იცმევდა ბაბუა, ისეთი, ბრიჯები ეცვათ ლურჯი და წვრილ კანჭებს მაღალყელიანი, ასევე თეთრი წინდები უფარავდათ, ფეხსაცმელს აღარ დავაკვირდი, უცნაურმა მაისურმა და არანაკლებ უცნაურმა წინდამ მზერა გამიშეშა, მაგრამ, მათ მხარზემოთ რაღაცა ელავდა და ის იყო, გავიფიქრე, რა უცნაური ვარცხნილობები აქვთ, კარგად დავაკვირდეთქო, რომ რას ვხედავ...
ნაჯახები აქვთ ხელში...
აი, საბრძოლო ნაჯახები რომ არის, მოკლე ტარით - ისეთი არა, წინდებივით გრძელია მათი ნაჯახის ტარიც, აი, შეშას რომ ჩეხდა მამაჩემი, იმ ნაჯახზე დიდი ტარი აქვს, რა ჯანდაბად უნდა ამსიგრძე ტარით ნაჯახი, ან შუა ქალაქში ამ ნაჯახით როგორ გამოიარა და ვერავინ შეამჩნია?
მეორე ჯგუფი უიარაღოა, ამათ კი ეს ნაჯახებიანი ხელები უკვე ზემოთ აქვთ აწეულია...
კადრს რომ გადაახვევ, დაახლოებით, ეგეთი სისწრაფით გავვარდი, მივვარდი, მე მათი ენა არ ვიცი, მათ - ჩემი, შუაში ჩავხტი, წარბი ავწიე, მარცხენა ხელი წინ გავიშვირე, მარჯვენა ხელის თითები მარცხენა ხელის ხელისგულს ორი სწრაფი მოძრაობით დავარტყი რითიც ვანიშნე, ეგ ნაჯახები აქ დამიწყვეთ ახლავე, თორემ-თქოო...
წარბი კი ავწიე და ეს დიდებული ჟესტიც კი უშეცდომოდ შევასრულე, მაგრამ, თან იმას ვფიქრობ, რომ ვეუბნები, მომეცი იარაღი თორეეემ... აი, რა თორემ?
რომ არ მომცეს, რას ვშვრები?
მეორე წარბსავ ავწევ?
ისე, მერე უნდა ვცადო, ორივე წარბის ერთდროულად აწევა გამომდის საერთოდ?
ხოდა, რომ მითხრან, ქალო, შენ შეშინებული ხო არა ხარო? მერე, რას ვშვრები?
ამერიკაში ვარ, იარაღის ტარების უფლება მაქვს, იარაღი მაქვს და შუბლზე მივადებ?
იქნება ყინულიანი, ცივი ყავა მაქვს ნაყინით, უცებ სახეში შევასხამ და სანამ აილოკავს, წავართმევ?
კრაზანებით სავსე, კრაზანების ბუდე მიდევს მარცხენა ჯიბეში და ვესვრი?
სადგისიც არ მაქვს, ნაცარქექიასავით კისერში რომ ჩავარჭო და მეორე მხრივ, კისერში რომ სადგისი ჩავარჭო, ჯერ უნდა ვაიძულო მომიკუჭუნიოს, მხრებზე შემისვას და ჟესტი, მოდი, ბიჭო, კისერზე შემისვი, არ ვიცი, თორე, იქნება, კი არაა უარზე...
ჯიბეზე გამახსენდა, კრაზანების ბუდე არა, მაგრამ კალამი მიდევს ჯიბეში, შავია, თუმცა, ფერს რა აზრი აქვს, ზამბარაზეა, რანაირად შეიძლება ზამბარიანი შავი კალამი გამოვიყენო 7 კაცის წინააღმდეგ, აქედან 3-ს რომ ნაჯახი აქვს მოღერებული?
რომ გავწვე და ტერფში ჩავარჭო?
არა, არ ვიქნები შავი, ზამბარიანი კალმით ხელში, მიწაზე გაწოლილი საშიში...
ჯობია, თვალები დავხუჭო და პირი დავაღო, თითქოს რაღაცის თქმას ვაპირებ..
თვალის დახუჭვასაც ვერ ვასწრებ, ისე მოდის ერთი ნაჯახი ჩემკენ...
ჯერ ერთმა დადო ჩემ გაშვერილ მკლავზე ნაჯახი, მერე მეორემ და მესამემ..
საშინლად დამიმძიმდა მკლავი, მინდა მეორეც შევაშველო, მარა, ნწუ, არ უნდა იფიქრონ, ისეთმა გოგომ წაართვათ ნაჯახები, რომელსაც მათი ცალი ხელით ტარება არ შეუძლია...
იყოს ეს კალამი, გამომადგება, ამათზე არ გავსვრი...
ბიჭო, ახლაც არ ვიცი, ამხელა ახმახებმა, სრულიად უსიტყვოდ, როგორ მომცეს სამი უკვე მოღერებული ნაჯახი...
ჰაერს არ შემდგარი ჩხუბის, ჩემ მეორედ გატეხილ ლარნაკზე დარდი, ნაჯახის და ჩავლილი შიშის სუნი ერთად შეერია.
უსიტყვოდ მოვტრიალდი და ეს სამი ნაჯახი შეშასავით წავიღე...
უკან არ ვიხედები, დაე, იფიქრონ, რომ უკან დარჩენილი 7 ახმახის არც კი მეშინია...
ნაჯახები მოშორებით დავალაგე და მოვბრუნდი, ისევ ისე იდგნენ, როგორ დავტოვე, ორ ჯგუფად და მიყურებდნენ და მაშინ მივხვდი. .
არც კი შეუმჩნევიათ, როგორ გააპეს ორად ჩემი ლარნაკი და რაკი ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინე, ამჯერად დამსხვრეული ლარნაკის გამო შემიპყრო ბრაზმა...
გადავწყვიტე, რომ ამათთვის ნაჯახების წართმევა ცოტაა, ამათ ახლა ლარნაკის ნამსხვრევები უნდა ავაკრეფინო და დავათვლევინო, არ ვიცი, რა ენაზე და რა სიტყვებით, მაგრამ უნდა გავაგებინო, რომ უპატიებელი გაბედეს ნაჯახების ფრიალით და ყველა სასჯელი რაც მოვიფიქრე, მეცოტავა... ნაჯახი რომ უკან გამოვიტანო და ეს უცნაური ვარცხნილობები თავისივე ნახაჯით გადავპარსო?
ამასობაში, ბავშვმა იტირა, თუ მოხუცმა დამიძახა, თუ ხეს ტოტი მოტყდა ხმაურით, თუ ვიღაცამ წითელზე გაიარა, თუ კოღომ მიკბინა, წამით გავიხედე სხვა მხარეს, წამით და..
აღარ იყვნენ, გაქრნენ...
ამ წამამდე მახრჩობს ბრაზი, ლარნაკის გამო არა, ლარნაკი მეწყინა, ბრაზი იმის გამო მადგას, როგორ გაბედეს, მაინც როგორ გაბედეს ამ ნაჯახებით სიარული ქუჩებში და მერე ფრიალი?
უკან არ უნდა დამეხია და უნდა მეიძულებია ყველა, ამ შავი, ზამბარიანი კალმით, ასფურცლიანი რვეული გაევსოთ 2 ფრაზით - "კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაქარაბაკე" და "მაინც დამსინა, იმ ბო@იშვილმა, მაინც დამსინა" ...
თუ სადმე შეგხვდეთ მსგავსი აღწერილობის ჯგუფი, არ დამისრულებია მაგათთან და გამაგებინეთ ადგილსამყოფელი...
სიცხე გავიზომე...
დაბალი არ მაქვს, არც ნორმა მაქვს, მეორე მხრივ, არც მაღალი მაქვს... ისეთ დროში ვცხოვრობთ, ზოგი ტემპერატურა დაბალია, ნორმალური, თუ მაღალი, მაგაზეც ვერ თანხმდებიან...
მივახტი სიზმრის ახსნას, მაგრამ ახმახი ვეძებო, ნაჯახი, ლარნაკი, თეთრი მაისური, თუ შავი, ზამბარიანი კალამი?
და მაინც, ამაზე ნაკლები სიზმარი არ უნდა ნახო...
საბანს ნუღარ შემოიკეცავთ, ნამდვილად დადგა ზაფხული.
ტკბილი ძილი და უნაჯახო სიზმრები.
- "დამადგით, ქალბატონო, მეორე ფეხიც დამადგით თავზე, თუ სუფთა გაქვთ" - არ წყდება მატარებელში ხორხოცი...
კაცი ვიცი მე ხელყუმბარით, რა ნაჯახი - ცხვირს ჭმუხნის ესებუა და ხაჭაპურს 9999-ჯერ იძახებს, მაგრამ არც ერთ ხაჭაპურს აღარ აქვს იგივე გემო, რაც ბანკში მიტანილს...
და ღამის ქალაქში დადის ერთი წარბაწეული გოგო და ნაჯახიან ბიჭებს ნაჯახებს ართმევს და ჭერში აწყობს, რადგან ერთხელაც, აღმაშენებლის და ერეკლეს შთამომავლებს ომში პასუხის გაცემა რომ მოუნდეთ, ჭერში მაინც იყოს რამე, ნაჯახი მაინც იყოს", - წერს ჟურნალისტი.