ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს მიმართ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გამოხატულებაა - ილია დარჩიაშვილი
„ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისათვის. ამასთან, ამ ვიზიტს განვიხილავთ, როგორც ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებას ესოდენ მნიშვნელოვან პერიოდში, ისევე როგორც რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ლიხტენშტაინის საგარეო მინისტრთან, დომინიკ ჰასლერთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრის განცხადებით, დომინიკ ჰასლერის ვიზიტი ძლიერ იმპულს მისცემს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ამ მხრივ არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, რის მყარ საფუძველსაც ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომლის წევრიც არის ლიხტენშტაინი.
ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპელი პარტნიორებისათვის საქართველოს ეკონომიკური პროფილის მიმზიდველობაზეც. მისი თქმით, „საქართველო, როგორც რეგიონის სატრანსპორტო კვანძი და საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, აქტიურად მონაწილეობს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსა და ინიციატივებში, თავისი წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებასა და მწვანე, განახლებადი ენერგიის განვითარებაში“.
ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობასთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიხტენშტაინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მინისტრის თქმით, როდესაც საქმე საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ლიხტენშტაინი საქართველოს საიმედო და სანდო პარტნიორია. ამ კუთხით, მან განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოინახულა საოკუპაციო ხაზი და პირადად გაეცნო ადგილზე შექმნილ მძიმე ვითარებას.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც მკვეთრად დამძიმდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად. მან ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით. ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ როგორც რეგიონული, ისე ევროპული უსაფრთხოება ემყარება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგის დაცვას და ეს არის ის ფასეულობა, რომელიც ევროპის ყველა სახელმწიფოს აერთიანებს.