"ნაციონალურ მოძრაობასა" და "სტრატეგია აღმაშენებელს" შორის მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია - ენმ
"ნაციონალურ მოძრაობაში“ ადასტურებენ, რომ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.
ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, ამ ორ პოლიტიკურ ძალას თანამშრომლობის როგორი ფორმატი ექნებათ.
„კონკრეტულად რომელ პოლიტიკურ ძალებთან გავერთიანდებით, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, მაგრამ შემიძლია, დავადასტურო, რომ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია. ზოგადად, ჩვენ სტრატეგიულ ერთიანობაზე მუდმივად ვაკეთებთ აქცენტს და მოვუწოდებთ ყველა პროდასავლურ, ეროვნულ ძალებს, ერთად ჩავერთოთ მნიშვნელოვანი ფუნდამენტური მიმართულებებით. საუბარია არა რაღაც საარჩევნო სიის გაერთიანებაზე, არამედ ოპოზიციის ისეთ ერთიანობაზე, როგორიც იყო მაგალითად, მარტის აქციების დროს, როდესაც მესიჯი იყო ერთად შემუშავებული. რაც შეეხება „სტრატეგია აღმაშენებელთან“ მუშაობას, მათ შორის, საარჩევნო ერთობას არ გამოვრიცხავთ. ყველა ჭორი, ასევე ზოგიერთი მოსაზრება არის კონტექსტიდან ამოვარდნილი. პარტიაში საერთოდ არ დასმულა საკითხი არც საარჩევნო სიასთან, არც პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით. ამავე შემართებით, შემიძლია, ნებისმიერ პოლიტიკურ ფიგურაზე ვისაუბროთ. „სტრატეგია აღამაშენებელთან“ თანამშრომლობის როგორი ფორმატები იქნება არჩეული, კონსულტაციები რომ დასრულდება, გაიგებს საზოგადოება“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.