ისინი ცნობილი ოჯახებიდან იყვნენ - რა არის დიდი ტრაგედია, რომელმაც თბილისი შეძრა?
ჩოგოვაძე, ვახო დუჩიძე და ძმები – გოგიტა და კახა ჩხაიძეები იმ დღეს ბედისწერამ ზღვაზე მიიყვანა.
ცოტა ხნით ადრე მეგობრებმა იალქნიანი იახტა შეიძინეს. მოკლედ, 1985 წლის 27 მაისს ბიჭები საკუთარი იახტით ზღვაში შევიდნენ. მალე იახტა წყალში რაღაცას წამოედო და გაჩერდა. ამბობენ, რომ იახტა წყალში გადებულმა თევზსაჭერმა ბოძმა შეაკავა, რომელშიც დიდი ძაბვა გადიოდა. იმის გასარკვევად, თუ რა აფერხებდა იახტას, ბიჭები წყალში ჩახტნენ.
ჯერ ერთი ჩხაიძე ჩახტა, მას მეორე მიჰყვა, მერე გოგლიკო ჩოგოვაძეც შეუერთდა ძმებს… სამივეს დენმა დაარტყა. ბიჭები წყალში გარდაიცვალნენ. გიგი ხაბეიშვილიც წყალში მეგობრებთან ერთად გადამხტარა, დენს მისთვისაც დაურტყამს, მაგრამ იგი გადარჩა. ამბობენ, გიგის გულში კაფსულა ჰქონდა ჩადგმული, რომელმაც დენი გაატარა და ამან გადაარჩინაო.
„ასე ლაპარაკობდნენ, თორემ ტყუილია. ბავშვობაში 7 წლის ასაკში, გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. დენმა მეც დამარტყა. გათიშული ერთი თვე ვიწექი. მაგრამ გადავრჩი“, – ასე იხსენებს ამ ტრაგედიას გიგი ხაბეიშვილი. ვახო დუჩიძე წყალში არ გადამხტარა. შესაბამისად, იგი ხუთი მეგობრიდან, გიგის შემდეგ, მეორეა, რომელიც ტრაგედიას გადაურჩა.
სამეგობროს ტრაგედია
ხუთივე 55-ე სკოლელი იყო. დიდი სამეგობრო ჰქონდათ. მათ თაობაში შედიოდნენ ძმები გაჩეჩილაძეები. ბიჭები სპორტული ცხოვრებით ცხოვრობდნენ. გიგი მოთხილამურე იყო, ძმები ჩხაიძეები კალათბურთელები. იმ დღეს იახტით გასეირნებას არ აპირებდნენ. სხვადასხვა გეგმები ჰქონიათ, გოგლიკო ჩოგოვაძე საფრანგეთში სასწავლებლად უნდა გაფრენილიყო. მაგრამ გეგმა ჩაშლია და ზღვაზე აღმოჩენილან.
საიდუმლოდ დაბადებული
ელენე ჩხაიძე 12 დეკემბერს მოევლინა ქვეყანას. მისი დაბადების ისტორია კიდევ უფრო გასაიდუმლოებული იყო, ვიდრე ეს ტრაგედია. გოგონას დაბადებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია იყო. ამბობდნენ, რომ უკრაინელი, პოლონელი თუ რუსი გოგონა კახა ჩხაიძისგან შვილს ელოდა. როდესაც ტრაგედია დატრიალდა, გოგონა ბავშვის მოშორებას აპირებდა. მაგრამ კახას მეგობრებმა მას ამის ნება არ მისცეს – იქნებ გაუბედურებული ოჯახი გადავარჩინოთო და როდესაც ელენე დაიბადა, იგი მაშინვე ჩხაიძეების ოჯახში მიიყვანეს.
„ალბათ, ჩემ ოჯახს მშველელად მოვევლინე. ამიტომ მაღიარეს მშობლებმა, გურამმა და იამ კახას შვილად და არა მის დად. ჩემთვის სხვა სახელის დარქმევა უნდოდათ, მაგრამ დედას კახა დაესიზმრა, ბავშვს ელენე დაარქვიო. სხვათა შორის, გოგლიკო ჩოგოვაძეც 12 დეკემბერსაა დაბადებული“ – იხსენებს ელენე.
ელენეს პასპორტში კახას ასული უწერია. თუ ელენე მართლა კახას შვილია, გამოდის, რომ იგი ბებიამ და ბაბუამ გაზარდა. თუმცა გოგონა მათ მშობლებად მოიხსენიებს, კახას და გოგიტას კი ძმებად.
„მე ჩემ ძმებს არ ვიცნობდი, მაგრამ დედამ და მამამ მათი დიდი სიყვარული ჩამინერგეს. სულ მესმოდა, კახა მამაშენიაო. მეც ასე მივიღე და დღემდე ამ შეგნებით ვცხოვრობ. უცნაურია, არა? ლოგიკურად ჩნდება კითხვა, დედა სად არის?“
ყოველ ახალ წელს ია ჩიჩუა შვილების სასაფლაოზე ხვდება. რაც ელენე წამოიზარდა, ისიც უერთდება დედას.
ელენე ჩხაიძე: „ჩოგოვაძეებიც იქ არიან 31 დეკემბერს, გოგლიკოს საფლავზე. დედა სასაფლაოზე ყოველ კვირას დადის. ჩვენთვის ძალიან წმინდა ადგილია ეს საფლავი. მე არასდროს დამინახავს დედის თვალზე ცრემლი. ჩემი თანდასწრებით არ უტირია, მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ სასაფლაოზე გავიზარდე. ეტყობა, ცუდად რომ არ ჩამრჩენოდა. დღემდე დადიან ძმების მეგობრები ჩხაიძეებთან სახლში. არაფერს ტოვებენ, არც გიორგობას, არც დაბადების დღეებს… ხშირად დადიან სასაფლაოზე.
„სადაც არ უნდა წავიდე, ეს ისტორია ყველგან მხვდება, ყველამ იცის და აინტერესებს. მთელი ცხოვრება მომყვება… ყველას მუდმივად აინტერესებდა ჩემი ისტორია – ვინ ვიყავი, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები? ახლა უკვე ცხოვრებას მარტივად ვუყურებ და არ ვიძაბები. საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, ჩემი აზრი გამაჩნია და ცუდია თუ კარგი, ჩემს გადაწყვეტილებას ვენდობი და მივყვები ბოლომდე. ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ – არა. ახლა ბედნიერი ვარ, მყავს ჩემი ოჯახი.“