თეგებით ძიება

„სამწუხაროდ, პროგნოზი ძალიან ცუდი გვაქვს... უფრო მეტ მეწყერს, უფრო მეტ წყალდიდობას უნდა ველოდოთ“ - ნინო ჩხობაძე

გუშინ, 8 სექტემბერს, ძლიერი წვიმის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე სახლი მიწაში ჩაიტანა. ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა ბავშვი, რომელსაც ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის შედეგად ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. 

სტიქიური მოვლენებით და მის შედეგად მიღებული ზარალით მიმდინარე წელი საქართველოსთვის გამორჩეულად მძიმე და პრობლემური იყო. 

როგორ უნდა იმოქმედოს კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული სტიქიის დროს ხელისუფლებამ და ადამიანებმა? ამ კითხვით TIA.GE-მ „მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნინო ჩხობაძეს მიმართა.

- ის, რაც გურიაში მოხდა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მოვლენაა. ყველგან მეწყერები მოდის და სამწუხაროდ, პროგნოზიც ძალიან ცუდი გვაქვს... დიახ უფრო მეტ მეწყერს, უფრო მეტ წყალდიდობას და ექსტრემალურ ტემპერატურებს უნდა ველოდოთ.

- ასეთ დროს ხელისუფლებამ და უბრალო ადამიანებმა როგორ უნდა იმოქმედონ? შეიძლება თუ არა სტიქიის დამანგრეველი შედეგების თავიდან აცილება? 

- ცოტა ხანში შოვის დასკვვნა დაიდება და მერე უნდა შემუშავდეს გეგმა რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და სად ვაკეთებთ. ამაზე მუშაობა დაწყებულია, დამატებით, სამოქალაქო სექტორი ჩვენს წინადადებებს ვამზადებთ იმასთან დაკავშირებით, სად და რა უნდა გაკეთდეს. ხომ არ შეიძლება, რომ  მუდმივად სტიქიური უბედურების მოლოდინში ვიყოთ? წყალმა მშობელს შვილი პირდაპირ ხელიდან გასტაცა და წაიღო, მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. 

პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს სამსახური, რომელიც ასეთ პროცესებზე დაკვირვებას აწარმოებს და თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით პრევენციული ღონისძიებები დაგეგმოს. მუნიციპალიტეტებში უნდა შეიქმნას შესაბამისი სასახურები. გეოლოგებმა ყველა საშიში ადგილი უნდა მოიარონ და პირველადი ქმედებების რეკომენდაციები გასცენ. მათ შორის, ყველამ უნდა გაიგოს, რომ მეწყრის ქვემოთ სახლი არ უნდა აშენდეს ანუ ნებართვები არ უნდა გაიცეს, მეწყრული ფერდობები უნდა გამაგრდეს და ა.შ. მეწყრის ჩამოსვლა მარტო ნალექით არ გამოიწვევა და იქ სადღაც, კიდევ წყალი მოდის, ამიტომ სოფლებში წყლის არიდების სისტემებია სანახავი. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მუშაობა ჭირდება, მაგრამ მსხვერპლი და ზარალი იმდენად დიდია, რომ ნამდვილად ღირს სახელმწიფომ სპეციალური თანხები გაიღოს, სასწრაფოდ სპეციალისტები მოიზიდოს და ქვეყნის ყველა კუთხე დეტალურად შეისწავლოს. ჩვენ მომხდარის მერე კი არ უნდა ვმოქმედებდეთ, მანამდე უნდა მოვახერხოთ პრევენციული ღონისძიებების გატარება.

- დედაქალაქში, რომელიც ფერდობებზეა გაშენებული, რა საფრთხე გველის?

- თბილისის თემა განხვავებულია. დედაქალაქში 10 მოქმედი მეწყერი გვაქვს, ზოგი სახლი პირდაპირ მეწყრულ ტანზეა აგებული. თუ სადრენაჟო სისტემა კარგად გაკეთებული არ არის, წყალი თუ დააწვა, ჩათვალეთ, რომ ის სახლი წაღებულია. ამ სიტუაციაში თბილისს, რომელსაც ფინანსები და სპეციალისტების მოზიდვა არ უჭირს, ეს ინვენტარიზაცია დაწყებული არ აქვს. დედაქალაქში 19-მდე პატარა მდინარეა, რომელიმეს გაწმენდა თუ გინახავთ? მდინარეები: ვერა, გლდანი, კრწანისის ხევი, ლეღვთახევი... ეს ყველაფერი თბილისშია და უამრავი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. 

ქვეყანაში სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა და ეს ერთადერთი თემაა, რომელშიც არც ერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დივიდენდები არ უნდა დაიწეროს, იმიტომ, რომ საქმეა გასაკეთებელი და საქმე ხალხის სიცოცხლეს ეხება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა