ბანკები ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იქნება ქვეყნისთვის, როდესაც ვინმე მოინდომებს ამ მახინჯი სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას - დემურ გიორხელიძე
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სანქცირების ნორმის შეცვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში მხოლოდ სამართლებრივ დონეზე უნდა იმოქმედოს და არა პირადი შეხედულებების საფუძველზე. აღნიშნული კომენტარი დემურ გიორხელიძემ TIA.GE-სთან გააკეთა.
„მე ახლა არ განვიხილავ ფარცხალაძის საკითხს, ეს არის სამართლებრივი საკითხი, წმინდა იურიდიული მხარე და ხელისუფლებას თუ გონიერება შერჩენია, მხოლოდ სამართლებრივ დონეზე უნდა იმოქმედოს და არა შეხედულებების დონეზე. თუმცა არ მგონია, რომ საქართველოში შეიძლება მოქმედებდეს რაიმე საერთაშორისო „კანონმდებლობა“, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაზე მაღლა იქნება, ეს ის პრინციპული მომენტია, რომელიც დარღვეულია საქართველოში“, - განაცხადა გიორხელიძემ.
ექსპერტი ასევე გამოეხმაურა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავასა და სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის მიერ თანამდებობების დატოვებას და აღნიშნა, რომ „ეროვნული ბანკიდან ყველა თანამდებობის პირი გასაყრელია“.
„რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, ვისაც კი იქ რაიმე თანამდებობა უჭირავს ყველა გასაყრელია, იმიტომ რომ ამაზე მავნებლური ორგანიზაცია საქართველოში ძნელი მოსაძებნია. ამიტომ კარგია, რომ მიდიან, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება კომპეტენტური კადრებით მისი დაკომპლექტება“, - თქვა გიორხელიძემ.
მან საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკის გადაწყვეტილებაც შეაფასა, რომლებმაც განაცხადეს, რომ სებ-ის გადაწყვეტილების მიუხედავად, არ აპირებენ გამონაკლისი დაუშვან იმ ადამიანებზე, რომლებზეც აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს დაწესებული საერთაშორისო სანქციები ვრცელდება.
„რაც შეეხება თიბისი-ს და საქართველოს ბანკს, ეს ბანკები საქართველოს დიდი პრობლემები არიან და როდესაც კრიზისული სიტუაცია მიაღწევს საშიშ ზღვარს, ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რადგან მათი მოქმედებაც განპირობებულია პოლიტიკური კონიუქტურით, იმიტომ რომ მათი ხელმძღვანელები ქვეყნის გარეთ არიან. ეს მახინჯი საბანკო სისტემა საქართველოს ხელისუფლებებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩამოაყალიბეს და მათ უკვე პოლიტიკური დატვირთვა გააჩნიათ“, - აღნიშნავს ექსპერტი.
რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა საფრთხე შეექმნას მოქალაქეთა დანაზოგებს, გიორხელიძე აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია, რადგან საქართველოში უსაფრთხო არაფერია.
„ამ მახინჯ სისტემაში არ შეიძლება რაიმე იყოს უსაფრთხო და რაიმე ემორჩილებოდეს კანონს. საქართველოში კანონი შერჩევითია. ამდენად, ამ მოშლილ სისტემაში ვინ რას გააკეთებს ძნელი წარმოასადგენია. მე ვფიქრობ, ახლა ის დროა, როდესაც საბანკო სისტემა ცივილიზებული მმართველობის ქვეშ უნდა აღმოჩნდეს და იმ საკანონმდებლო ჩარჩოში უნდა მოექცეს, რომელიც ყველა განვითარებული ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი... მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალზე ფაქიზი სფეროა და უკვე ცხადია, გავლენიანი სფეროა, წარმატებულ ქვეყანაში ხდება გონიერი რეგულირების გატარება, საქართველოში ყველაფერი მოშლილია... ამიტომ თუ იქნება პრობლემა, ბანკები ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იქნება ქვეყნისთვის, როდესაც ვინმე მოინდომებს ამ მახინჯი სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას. მე ბანკების წინააღმდეგ არ ვარ. ძალიან კარგად ვიცი ის, რომ მათი ბრალი არაფერია, არამედ საქართველოს ხელისუფლებებმა შექმნეს ასეთი მახინჯი სისტემა და საბანკო სექტორი კი თუკი შეძლებს რომ ხელისუფლება მსახურად გაიხადოს, გაიხდის კიდეც მსახურად. მთელ მსოფლიოში ასეა და ასე მოხდა სამწუხაროდ საქართველოში“, - აცხადებს გიორხელიძე.
კითხვაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, გიორხელიძე ამბობს, რომ მიმდინარე პროცესები ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების გეგმას ემსახურება.
„მიმდინარე პროცესები უკავშირდება იმას, რაზეც მე თვეებია ვსაუბრობ და რაც ამ ცოტა ხნის წინ, უშიშროების სამსახურმა ბრიფინგზე გაახმიანა. ყველაფერი, მათ შორის საბანკო სექტორიც, მოემსახურება ქვეყანაში დესტაბილიზაციას და ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილების იმ მაიდანურ პროცესს, რომელიც ჩაფიქრებული და ორგანიზებულია უკვე დიდი ხანია . თუმცა, მე ვფიქრობ, რომ აქედან წესით არაფერი არ გამოვა.