თეგებით ძიება

ძალიან დამთრგუნველია! საშინელი ხმაა, მიწას რომ აყრიან, თავიდან იმდენად შემზარავი იყო, ყურებზე ხელს ვიფარებდი… - რა ისტორიას იხსენებენ სასაფლაოდან?

სიკვდილი, სიცოცხლე და სევდა მართლაც თავმოყრილია იქ, სადაც ჩემი დღევანდელი რესპონდენტი მუშაობს. მას ნანა ჰქვია, სასაფლაოების მომვლელია… ნანას არ ვიცნობ, ამიტომ თვალებით ვეძებ. ალბათ, ისაა, საფლავი გააპრიალა და ახლა ქარისგან გაფანტულ ყვითელ ფოთლებს გვის.

– უკაცრავად, საფლავების მომვლელი ხართ?

– ეჰ, ნეტავ საფლავების მომვლელი­ ვიყო,­­ – ამოთქვა და გული ამოაყოლა… უკვე 10 წელია აქ ვმუშაობ, ემოციური ფონი თითქმის გადავლახე, უფრო სწორად­, დაბლოკილი მაქვს. სიცოცხლე ბევრად ფასობს, აქაურობას რომ უყურებ.

ზოგი საფლავი წარწერიანია, ზოგი სურათით. ფოტოები მკლავს… მათ რომ ვუყურებ, ფიქრები წამიღებს ხოლმე, წარმოვიდგენ, როგორი იყო, როგორ ცხოვრობდა და როგორ დაამთავრა… აქ ერთი სასაფლაოა, რაგბისტის, მთელ კედელზე აქვს გაკეთებული ფოტო. რომ ვუყურებ, მგონია, ეს-ესაა დამელაპარაკება. აქედან ცხოვრებას სხვანაირად უყურებ, აფასებ ყოველ წამს.

– სასაფლაოზე როგორ აღმოჩნდით?

– ცხოვრებამ მომიყვანა. თავისუფალი გრაფიკი მჭირდებოდა, ჰოდა, მოვედი.

– ისე, რა პროფესიის ხართ?

– ქართული ენის სპეციალისტი, ფილოლოგი…

ყველაფერმა შეჩვევა იცისო, ამბობენ, მაგრამ ვერ მიეჩვევი იმას, რომ სხვისი ტკივილი არ გაიზიარო… სულის უკვდავების მჯერა, აქ ხედვები­ შემეცვალა… საფლავზე რომ გალობენ, იმდენად შემაძრწუნებელია, შესაძლოა მთელი დღე ემოციების ტყვეობას ვერ დააღწიო თავი. ყველაზე საშინელი ხმაა, მიწას რომ აყრიან, თავიდან იმდენად შემზარავი იყო, ყურებზე ხელს ვიფარებდი… ასეთი მომენტები ბევრ რაღაცაზე გაფიქრებს და ბევრ პრობლემას სულ სხვანაირად შევხედე. ვიღაც რომ უმნიშვნელო პრობლემებზე წუწუნებს, გეცინება… ვიღაც რომ უსამართლოდ გულს გტკენს, ესეც უმნიშვნელოდ გეჩვენება. ერთხელ ბიჭი ვნახე მეუღლის საფლავზე გაწოლილი. თავიდან გარდაცვლილი მეგონა. რომ მივუახლოვდი, იწვა და ტიროდა. როგორი სანახავია… ამის მნახველმა წვრილმან პრობლემებზე როგორ უნდა იწუწუნო…


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა