მამა მაყურებინებდა ვიდეოებს და მთხოვდა იმავეს გამეორებას - 12 წლის გოგონამ საკუთარი მამა სექსუალურ ძალადობაში ამხილა
12 წლის გოგონამ საკუთარი მამა სექსუალურ ძალადობაში ამხილა. ბავშვმა დუმილი ბოლო ძალადობიდან 4 წლის შემდეგ დაარღვია და გამომძიებელს, ფსიქოლოგის თანდასწრებით, გაუპატიურების და გარყვნილი ქმედების ფაქტებზე უამბო.
"მამა მაყურებინებდა ვიდეოებს და მთხოვდა იმავეს გამეორებას. ეს რამდენჯერმე მოხდა, მაშინ, როცა მარტო ვრჩებოდით და დედა სამსახურში იყო. მეუბნებოდა, რომ არავისთვის არაფერი მეთქვა და ეს ჩვენი საიდუმლო იყო. ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც 8 წლის ვიყავი. შემდეგ მამა დედაზე ძალადობისთვის დააკავეს," - ნათქვამია გამოკითხვის ოქმში.
ბავშვი მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც გაიგო, რომ ცოლზე ძალადობისთვის დაპატიმრებული მამა ციხეს მალე დატოვებდა.
43 წლის მამაკაცს, მეუღლის გაუპატიურებისა და ცემის ბრალდებით, 7 წელი მიუსაჯეს. 4 წელი გავიდა და მოძალადე ყოფილ ცოლთან თითქმის ყოველდღიურად რეკავდა - ითხოვდა პატიებას და სასჯელის შესამსუბუქებლად წერილობით თანხმობას. ქალი თითქმის დაითანხმა, დედამ გადაწყვეტილება შვილებს უთხრა. 12 წლის გოგონა მამის შესაძლო გათავისუფლების ამბავმა შეძრა და 4 წლიანი დუმილი დაარღვევინა.
მას შემდეგ კი, რაც ადვოკატი აიყვანა, სავარაუდო მოძალადემ დუმილი არაღიარებით შეცვალა - 12 წლის შვილი ტყუილში დაადანაშაულა, ყოფილი მეუღლე კი, ბავშვზე ზემოქმედებაში. დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 43 წლის მამაკაცი ციხეში გამოჰკითხეს.
ამ პოზიციასთან ერთად, ინცესტში მხილებული კაცი ცოლს მეორე შვილით აშანტაჟებს, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. ბავშვი არასრულწლოვანია და ქვეყნიდან გაყვანისთვის მამის თანხმობა სჭირდება.
რა მტკიცებულებები იძებნება შემზარავი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეში - 12 წლის გოგონას დაზარალებულის სტატუსი ჯერ არ აქვს. ადვოკატი კი მიიჩნევს, რომ ინცესტში მხილებული მამაკაცისთვის ბრალის წარსადგენად, საკმარისი დოკუმენტები შეგროვდა. 12 წლის ბავშვის ინტერესების დამცველმა, გამოძიების დაჩქარება კიდევ ერთხელ მოითხოვა. პარალელურად, ამზადებს სარჩელს, სავარაუდო დამნაშავისთვის მამობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით.
12 წლის გოგონას ისტორია, სავარაუდოდ ბავშვზე ძალადობის მძიმე სტატისტიკაში ჩაიწერება. ირკვევა, რომ მონაცემები ყოველწლიურად იზრდება. საკითხზე მომუშავე უფლებადამცველები გამოკვეთილ ტენდენციებს სწავლობენ - ირკვევა, რომ მოძალადე უმეტესად არასრულწლოვანის ახლო გარემოცვიდან არის.
არასრულწლოვანზე სექსუალური მოძალადეები, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პედოფილთა ბაზაში ხვდებიან. ამ ბედს გაიზიარებს 12 წლის გოგონას მამაც, თუ სექსუალური ძალადობის ფაქტებს სასამართლო დაადასტურებს.