მთიან ყარაბაღში 106 სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქის ცხედრები იპოვეს, მათ შორის არიან ბავშვებიც - სომხური მედია
საომარი მოქმედებების დროს დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ძებნა 21 სექტემბრიდან გრძელდება. ამის შესახებ მთიანი ყარაბაღის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს.
დაღუპულები ნაპოვნია სტეფანაკერტში და ასევე სხვადასხვა დასახლებებში.
24 სექტემბერს 34 ცხედარი იპოვეს სხვადასხვა მიმართულებით, სამი მშვიდობიანი მოქალაქე ასკერანოს რაიონის სოფელ შოშთან.
სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ამასთან, როგორც სომხური მედია წერს, სომხეთში შეიქმნა პლატფორმა ლტოლვილების დასახმარებლად.
როგორც სომხეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამჟამად იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებს სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა რეგიონულ ადმინისტრაციებთან კოორდინაციით აკმაყოფილებს.
ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს მთიან ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა, ხოლო მეორე დღეს ოფიციალურმა ბაქომ თქვა, რომ ოპერაცია დაასრულა და აღადგინა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა.