ყარაბაღიდან სომხეთში 65 000-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა
სომხეთის პრემიერმინისტრის პრესსპიკერის ცნობით, მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 65 036 ადამიანი ჩავიდა. ეს არის ხუთშაბათს დილის 8 საათისთვის არსებული მონაცემები.
ოფიციალური ცნობებით, მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 000 სომეხი ცხოვრობდა.
აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს განაცხადა, რომ დაიწყო "ანტიტერორისტული ოპერაცია". ერთი დღის შემდეგ სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი იძულებული გახდნენ იარაღი დაეყარათ და დათანხმდნენ რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტას.
მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომხების თქმით, ბრძოლებს სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 10 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ოთხშაბათს გამოაქვეყნა სია 150-ზე მეტი აზერბაიჯანელი სამხედროს სახელებით, რომლებიც, მისი თქმით, სამხედრო ოპერაციაში დაიღუპნენ.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გასცა ეთნიკური სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების გარანტია, ათწლეულების განმავლობაში უნდობლობა, ომები, ძალადობა რეგიონის ბევრ მცხოვრებს სკეპტიციზმს უღვივებს ყარაბაღის მშვიდობიანი რეინტეგრაციის შესაძლებლობის მიმართ.