„ზოგიერთს რატომ ჰგონია, რომ ფილმი პრორუსულია. პირიქით, მანდ რუსული პოლიტიკის კრიტიკაა“ - გურამ ოდიშარია ნანა ჯანელიძის ახალ ფილმზე
რეჟისორ ნანა ჯანელიძის ფილმის - "იარე, ლიზას" ჩვენებას, რომელიც გუშინ კინოთეატრ "ამირანში" გაიმართა, საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, სადაც ჩანს, როგორ ტოვებენ დარბაზს და აკრიტიკებენ ფილმის შინაარსსა თუ რეჟისორს მაყურებლები.
„კვირის პალიტრა შეეცადა გაერკვია, რეალურად, რა ხდება ფილმში, რომელსაც ასეთი აურზაური მოჰყვა და კომენტარი კულტურის ყოფილ მინისტრს, მწერალ გურამ ოდიშარიას სთხოვა.
„ამ ფილმის სცენარის ავტორი არ გახლავართ, არც შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. ფილმის ფინალში გამოყენებულია პასაჟი ჩემი "დევნილთა უღელტეხილიდან". გაუგებარია, ზოგიერთს რატომ ჰგონია, რომ ფილმი პრორუსულია. პირიქით, მანდ რუსული პოლიტიკის კრიტიკაა. ვისაც არ უნახავს, მეგობრულად ვურჩევდი, ნახოს. მეც აუცილებლად ერთხელ კიდევ ვუყურებ, და კიდევ - ვისაც არ წაუკითხავს, უმორჩილესად ვთხოვდი, წაიკითხოს“, - განაცხადა ოდიშარიამ გამოცემასთან.