თეგებით ძიება

„საკუთარი სიკვდილის ორი სასურველი სცენა მაქვს ღრმა ბავშვობიდან...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„საკუთარი სიკვდილის ორი სასურველი სცენა მაქვს ღრმა ბავშვობიდან. იმ ბავშვობიდან, როცა კითხვა დავიწყე და დაკვირვება. ორივე განსხვავებულ ადგილას. ფრანგული კინოს მოყვარულებს არცერთი მოეწონებათ. იტალიურისას - ორივე. საქართველოს არ უკავშირდება ეს სცენები -  არ მემეტება ის ადგილი წასასვლელად, სადაც მოვედი. ერთხელ ვცადე გაუსაძლისი იძულებით - მეორედ - აღარ. 

ხოლო სცენები ამგვარია.

პირველი:  ზაფხულის შუა. შუა აზია. იურტა. ირგვლივ მხოლოდ ცხენის სუნია და სიცხის სუნი. ცხენის ცხელი რძე შემოაქვს თურქმენ ქალს. თურქმენი ქალი გადის. ასე მგონია, რძეში მზეა. შეიძლება კვერცხია და მეშლება. სისხლი მისველებს – იღლიებს, კეფას, ხელებს. შეიძლება ოფლია და მეშლება. ვსვამ რძეს. თუ დავლევ, თუ დავცლი თასს – მოვრჩები. ვსვამ, პირში ვიგუბებ და ნელა ვყლაპავ – თვალებში რომ დილის წითელი ხაზებია, ეგ ნაპრალებად იქცევა და ორთქლი შემდის. ვსვამ, არ მთავრდება რძე, არ იცლება თასი. ასე გრძელდება სამუდამოდ.

მეორე: თოვლი. დიდი და ჰორიზონტის წამშლელი. ყინვა. დაბალჭერიანი სახლი, გაკვამლული თეთრი კედლებით და ოთახის ცენტრში გამორთული ტელევიზორით. ცოლად ყველაზე ლამაზი ჩუქჩა მყავს. ის დილით გავიდა მეზობელ ქალაქში, აფთიაქიდან წამლების მოსატანად. ლოგინიდან ვდგები, კარს ვაღებ და იქვე ვეცემი. თავს წამოვწევ. ვხედავ: ბავშვი უზარმაზარი ირმის ფიტულს გუნდებს ესვრის. მინდა დავუძახო – ძალა არ მყოფნის. კაცმა რომ თქვას, უკვე აღარც მინდა. ირმის ფიტულს გრძელი, ბევრტოტიანი რქები აქვს. ერთზე გაზის გადასახადის ქვითარია წამოცმული. გუნდა ხან ხვდება ამ ფურცელს. ხან არა. შემთრევი ამბავია. გასართობი. ასე გრძელდება სამუდამოდ“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა