თეგებით ძიება

ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა იდგა - ირაკლი ღარიბაშვილი

ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა იდგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილისგან მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს შემოიტანდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას.

„რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, მინდა ვთქვა, რომ ეს რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი, ვინაიდან სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, ქალბატონი სალომე დადასტურებულად არის კონსტიტუციის დამრღვევი. ეს რა თქმა უნდა, მე როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და როგორც რიგით მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია.

მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის დამრღვევი ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტს ეჩვენებინა და მაგალითი მიეცა სხვებისთვის, სხვა საჯარო მოხელეებისთვის თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი უნდა ყოფილიყო ყოველთვის ქვეყნის, კანონის და მთავარი კანონის – კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად ქალბატონმა სალომემ უხეშად, დემონსტრაციულად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, რაც არა მხოლოდ ჩვენი, პოლიტიკოსების ნათქვამით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა და ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა, არ გადაიხედება. რაც შეეხება ზოგადად, შემდგომ პროცედურას, მოგეხსენებათ, რომ პარლამენტში გაიმართება შესაბამისი პროცედურა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მოლოდინი იმის შესახებ, რომ საჭირო ხმებს მოაგროვებდა უმრავლესობა, არ გვქონია. არც არავითარი დიდი ილუზიები არავის არ ჰქონდა. თავიდანვე ვთქვით, რომ ვიცოდით, რომ არ გვქონდა საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ, ქვეყნის ხელისუფალნი, მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, კანონმდებლები, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. უნდა შევახსენოთ პრეზიდენტს და ყველას, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როცა პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონზე მაღლა, კონსტიტუციაზე მაღლა. ეს ძალიან სამწუხაროა. ქალბატონი სალომესგან, ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი იმის, რომ იგი შემოიტანდა ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს. ევროპული სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას. ჩვენ სანაცვლოდ ამის სრული საპირისპირო სურათი მივიღეთ, როცა ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ ის არ ცნობს კონსტიტუციას. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, მეგობრებო. მე რა თქმა უნდა, კომენტარს არ გავაკეთებ მის გამონათქვამებზე. გვეტყობა ჩვენ, რომ ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! მე შევახსენებ ყველას, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა იყო ოპოზიციაში. „ქართულმა ოცნებამ” მოიყვანა ეს ადამიანი და დასვა პრეზიდენტად „ქართული ოცნების” რეიტინგის დამსახურებით,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა