„თეატრი სხვაგვარ თავგანწირვას მოითხოვს... ჩემი გადაწყვეტილება არასდროს მინანია“ - გიგი მიგრიაული
მსახიობი გიგი მიგრიაული ფართო საზოგადოებამ სერიალიდან „სიყვარულს მიღმა“ გაიცნო, თუმცა ჯერ კიდევ სტუდენტობიდან იყო განებივრებული თეატრალური როლებით და არაერთ თეატრში თამაშობდა. რას საქმიანობს ეკრანს მიღმა, რატომ ჩამოშორდა თეატრს და რას მიიჩნევს ყველაზე დიდ სირთულედ მსახიობის პროფესიაში? გიგი მიგრიაულმა TIA.GE-ს კითხვებს უპასუხა:
- ბავშვობაში ექიმობაზე ვოცნებობდი, რადგან ტრავმატოლოგიურ კლინიკასთან ახლოს ვცხოვრობდი და კლინიკის ხშირი „სტუმარიც“ გახლდით... ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი და ხან ფეხი მქონდა მოტეხილი, ხან ხელი და ა.შ. მომწონდა თეთრხალათიანი ადამიანები რომ მშველოდნენ და მეც გამიჩნდა სურვილი სხვებს დავხმარებოდი... როცა გავიზარდე მივხვდი, რომ სამედიცინოზე რომ ჩამებარებინა შეიძლებოდა დღემდე მესწავლა, აქედან გამომდინარე მივხვდი, რომ მთელი ცხოვრება სწავლისთვის მზად არ ვიყავი...
- მსახიობობა როდის გადაწყვიტე?
- აბიტურიენტი ვიყავი, მსახიობობა რომ გადავწყვიტე. ვანო დუგლაძე ჩემი ბავშვობის მეგობარია. ერთ დღეს მოსაკითხად რომ დავურეკე, მითხრა, თეატრალურში გასაუბრებაზე მივდივარო, წავყევი და იმდენად მოვიხიბლე იქაური გარემოთი, თავადაც სამსახიობოზე ჩაბარება გადავწყვიტე. ჩემი გადაწყვეტილება არასდროს მინანია.
-თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს როგორ გაიხსენებ?
- ყველაზე კარგად სტუდენტობის წლები მახსენდება, გარდა იმისა, რომ სწავლა საოცრად საინტერესო იყო, სტუდენტები ერთ დიდ ოჯახად ვიყავით შეკრულები. იმ ჯადოსნურ კედლებში დრო თითქოს ჩერდებოდა, შეიძლება ითქვას, რომ იქ გვითენდებოდა და გვიღამდებოდა.
- ახმეტელის თეატრში თამაშის დროს, ბევრ სპექტაკლში იყავი დაკავებული. მახსოვს, "ყველაზე პროდუქტიულ მამაკაც მსახიობადაც" კი დაგასახელეს. სცენაზე დაბრუნება არ გენატრება?
- ძალიან მენატრება, მაგრამ ახლა 2 შვილი მყავს და სხვა ვალდებულებები მაქვს. უკვე ფიზიკურად ვერ მოვახერხებ, თავი გადავდო და მხოლოდ თეატრისთვის ვიცხოვრო. ბუნებით მაქსიმალისტი ვარ. რეპეტიციაზე როცა ვარ, თავიდან ბოლომდე იმ პროცესში უნდა ვიყო ჩართული, უბრალოდ სიარული და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება არ გამოვა. თეატრი სხვაგვარ თავგანწირვას მოითხოვს.
- ახმეტელის თეატრიდან წამოსვლის შემდეგ, გარკვეული პერიოდი შემოქმედებითი პაუზა გქონდა. სერიალში "სიყვარულს მიღმა" გადასაღებ მოედანზე როგორ აღმოჩნდი?
- ეს პაუზა ჩემდა უნებურად მოხდა, თითქოს შეგუებულიც ვიყავი, როგორც მსახიობი აღარავის ვაინტერესებდი. კასტინგზეც არავინ მირეკავდა. ალბათ ეგონათ, რადგან თეატრიდან წამოვედი, ამ პროფესიას შევეშვი, არადა, ეს საქმე ძალიან მიყვარს. "ღამის შოუს" სტუდიასთან წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი, თავადაც დადებითად არიან ჩემდამი განწყობილი. ერთ დღეს პროდიუსერმა სალომე ღლონტმა დამირეკა და მითხრა, რა ჩანაფიქრიც ჰქონდა, გვინდა ჩვენთან ერთად იყოო. ამ ჯგუფის შემოთავაზება ჩემთვის ყოველთვის მისაღებია, არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. გასაუბრებაზე რომ მივედი, ირაკლი კაკაბაძე დამხვდა, პერსონაჟის შესახებ მცირე მონახაზი მითხრა. როგორც შემდეგ გავარკვიე, თურმე დიდი კასტინგები ჰქონდათ.
-შენი პერსონაჟი დიდი პოპულარობით სარგებლობს, თავად შენ თუ გრძნობ ხალხისგან უფრო მეტ ყურადღებას?
-კი, ნამდვილად ვგრძნობ, რომ უფრო პოპულარული გავხდი. იმდენად, რომ მაყურებელი ჩემი პერსონაჟის ცხოვრებაშიც კი ჩართულია. მაგალითად, ჩემი გაშვილების სცენასთან დაკავშირებით, თამუნა მუსერიძემ იხუმრა და ჯგუფში "ვეძებ" დაწერა, რომ აუცილებლად მაპოვნინებდა დედას... საღამოს „ფეისბუქზე“ უამრავი შეტყობინება მომივიდა, სადაც სრულიად უცნობი ადამიანები მეკითხებოდნენ „ჩემი გაშვილების“ დეტალებს და დახმარებას მთავაზობდნენ...
- შენთვის პროფესიული ხიბლი სცენაზე მეტი დოზითაა თუ გადასაღებ მოედანზე?
- სცენაზე დიდი დოზითაა, მაგრამ გადასაღებ მოედანზე თუ მსახიობი, ოპერატორი, რეჟისორი თანამოაზრეა და პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზე, რასაც აკეთებს, არნაკლები ადრენალინია.
- თქვენი პროფესიისგან განსხვავებულ საქმეებს თავს როგორ ართმევთ?
- ალბათ, ცხოვრების განმავლობაში, ცოდნა დამიგროვდა. მხოლოდ სამსახიობო ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ბუღალტერიაც ვიცი, უცხო ენაც, კომპიუტერული პროგრამებიც... ყველაფერი თანდათან, უნებურად ვისწავლე.სამსახურს რაც ეხება,ნამდვილად მრავალპროფილური ვარ, ამაში ალბათ ჩემი ენერგიულობა და მიზანდასახულობა მეხმარება.
- ოჯახისთვის დრო თუ გრჩება? როგორი მამა და მეუღლე ხარ?
- ვფიქრობ, კარგი მამა და მეუღლე ვარ, ბავშვების აღზრდის საქმეში თავიდან ბოლომდე ჩართული. პირველი შვილის დაბადებას დავესწარი. მგონია, რომ დროთა განმავლობაში უკეთესობისკენ ვიცვლები. მეტად ყურადღებიანი გავხდი, მობილიზებულიც.
- ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ, ჩემი ოცნებაა მყავდეს ბევრი შვილი და მქონდეს სახლი ქალაქგარეთო. სურვილები შეგეცვალა?
- არა, იგივე ოცნება მაქვს.
ავტორი : ნინო სილაგაძე