ქვეშეთი-კობის გზაზე 1.5 კმ-იანი ახალი გვირაბი გაიჭრა
ქვეშეთი-კობის გზაზე 1.5 კმ-იანი ახალი გვირაბი გაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება 23 კმ-იანი 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება 1 ხიდს.
ამ დროისათვის, პროექტის მეორე მონაკვეთზე 4 გვირაბიდან უკვე გაიჭრა ყველაზე გრძელი - 1.5 კმ სიგრძის გვირაბი.
გაჭრილია მე-3 გვირაბიც, დანარჩენებზე კი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები გრძელდება ხუთივე ხიდზეც, სადაც ბურჯებისა და ხიმინჯების მოწყობა მიმდინარეობს.
პროექტის პირველ მონაკვეთზე 9 კმ სიგრძისა და 15 მ. დიამეტრის გვირაბის 8 კმ-ზე მეტი უკვე გაჭრილია.
გვირაბის ბურღვის სამუშაოები პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით (TBM - Tunnel Boring Machine) წარმოებს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.
ამ ეტაპზე, სამუშაოების დაახლოებით 90% შესრულებულია. ახალი, 9 კმ-იანი გვირაბი, საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება.
ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზისა და ტურისტული ცენტრის მშენებლობაც.
ახალი გზის დასრულების შემდეგ, კობის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ზამთარში აღარ შეიზღუდება, ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარე სამყაროსთან და ექნებათ შეუფერხებელი წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე.
ახალი 23 კმ-იანი გზა მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, ხოლო გზის გავლას 1 საათის ნაცვლად 15 წუთი დასჭირდება.
თბილისი-გუდაურამდე გადაადგილების დრო 2 საათის ნაცვლად, 1 საათის და 30 წთ გახდება, თბილისი-სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას კი, 2 საათი და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.
ქვეშეთი-კობის გზის პროექტი აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებთან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს, პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.