სააკაშვილს პარტიაზე რეალური გავლენა რომ ჰქონდეს, საქმის აქამდე მიყვანას ვერ გაბედავდნენ - ვახტანგ ძაბირაძე
„ნაციონალურ მოძრაობაში განხეთქილება ღრმავდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის საკრებულოში 13-დან 7-მა წევრმა პარტია დატოვა. მათ გარდა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებმაც.
შეაჩერებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პარტიის რღვევას, როგორ აისახება „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები 2024 წლის არჩევნების შედეგებზე და დაკარგავს თუ არა ენმ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს? ამ კითხვებით TIA.GE პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს დაუკავშირდა:
- „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეს პროცესები იმდენად ღრმად წასულია, რომ ვერც სააკაშვილის და ვერც სხვა ადამიანის განცხადება ვერ შეაჩერებს. ეს პროცესები ხომ აჭარის გარდა, სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს. გაკეთდა განცხადება, რომლითაც პარტიის წევრები რიგგარეშე ყრილობას და ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვენ, მაგრამ ეს მოთხოვნა ფაქტობრივად, ულტიმატუმია. ამ ულტიმატუმზე ხაბეიშვილის და მისი გუნდის პოზიციაც ვიცით - ისინი ამბობენ, რომ რიგგარეშე ყრილობა გამორიცხულია და თუ რიგგარეშე ყრილობა არ იქნება, პარტიაში განხეთქილება რჩება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი უკვე იმ ფაზაშია, როდესაც ამ პარტიას ფორმალური ერთიანობა ზიანის მეტს არაფერს მოუტანს, არც თავად პარტიას და არც მის ერთ ან მეორე ნაწილს. საარჩევნო კამპანიის ნაცვლად, ორად გაყოფილი პარტია მოუნდება ერთმანეთში საქმის გარჩევას, რაც საბოლოდ, ორივე მხარეს და მთლიანად „ნაციონალურ მოძრაობას“ დააზარალებს. ორ ნაწილად გახლეჩილი პარტია არჩევნებში წარმატებას რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს. ამიტომ ვფიქრობ, ორივე მხარისათვის უმჯობესია, რომ ფორმალურად კი არ შეინარჩუნონ ერთობა, არამედ გაიყონ და თოთოეულმა თავისი ამომრჩეველი მიიზიდოს. მელიამ და მისი მომხრეებმა ცალკე და ხაბეიშვილმა და მისმა მომხრეებმა ცალკე. სხვა რეალური და ნორმალური გამოსავალი მათ უკვე აღარ აქვთ.
- ხომ არ შეექმნება ორად გაყოფილ „ნაციონალური მოძრაობას“ ბარიერის გადალახვის პრობლემა ან მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს ხომ არ დაკარგავს?
- ჯერჯერობით, ოპოზიციის ფრთაზე სხვა პარტიები არ ჩანს, ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყოფა, ვფქრობ 5%-იანი ბარიერის დაძლევის შანსი როგორც ხაბეიშვილს, ისე მელიას ექნება. მე დარწმუნებული ვარ, ეს პარტია გაიყოფა და ცალ-ცალკე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და მათი ჯამური ხმები უფრო მეტი იქნება, ვიდრე 2020 წლის არჩევნებში მიიღეს. ამიტომ რთული სათქმელია, რომელი მხარე შეინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური ძალის ნიშას ან რა კონფიგურაციით ჩამოყალიბდება ოპოზიცია იმიტომ, რომ ალბათ ამ პროცესის შემდეგ ოპოზიციაში მეორე ეტაპი ანუ გადაჯგუფებების და ჩამოყალიბების ეტაპი დაიწყება.
- სააკაშვილი სად იქნება ამ პროცესებში?
- ფორმალურად, სააკაშვილის გამოყენებას ორივე მხარე შეეცდება, იმიტომ, რომ რეალური გავლენა სააკაშვილს ამ პარტიაზე უკვე აღარ აქვს. რეალური გავლენა რომ ჰქონდეს, საქმის აქამდე მიყვანას ვერ გაბედავდნენ. მელიას და ხაბეიშვილის ძირითადად პრეტენზიები ექნებათ ერთმანეთთან იმაზე რომ სააკაშვილი ტყვეობიდან ვერ დაიხსნეს. სავარაუდოდ, სააკაშვილი ორივე მხარეს „დალოცავს“ იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არც მას აქვს. რომელიმე ერთ მხარეს გაკეთებული არჩევანი მისთვის ძალიან ცუდი იქნება. ის სავარაუდოდ, იგივეს იტყვის, რომ ჯობია გაიყონ, რადგან ვერ თანხმდებიან, ცალ-ცალკე იბრძოლონ და მერე გაერთიანდნენ პარლამენტში.
- ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერობის შანსები როგორია?
- პარტიის გაყოფის პროცესი რომ დასრულდება, შემდეგ ახალი პროცესი დაიწყება ოპოზიციაში და არ ვიცით, როგორ დასრულდება... ბარიერს ორივე მხარე გადალახავს, მაგრამ შემდეგ მოვლენების განვითარება ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ასე, რომ დაველოდოთ, წინ ძალიან საინტერესო პროცესები გველის, საინტერესო ზოგადად, პოლიტოლოგიის თვალსაზრისით, თორემ ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამეები ხდება, ნაკლებად სასიამოვნოა.