თეგებით ძიება

2012 წელს განათლების ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი, 2024 წელს იქნება ორი მილიარდ 508 მილიონი - პრემიერი

ჩვენი ღირსეული მასწავლებლების პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა დავიწყეთ, მთავრობას კარგად აქვს გააზრებული ამ საკითხის მნიშვნელობა, როგორიც არის მასწავლებლის პროფესიული განვითარება და მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერის თქმით, მასწავლებელთა მხარდაჭერა და ამ პროფესიის პრესტიჟის ამაღლება გაგრძელდება.

„გაგრძელდება მასწავლებელთა პროფესიის პრესტიჟის ამაღლება, ეს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი ხელისუფლების. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას. მინისტრის ინიციატივით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დახვეწაზე. მინდა, აღვნიშნო მზარდ ბიუჯეტზე. 2012 წელს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი იყო 626 მილიონი ლარი, წელს ბიუჯეტი იყო ორი მილიარდ 77 მილიონი ლარი და 2024 წელს იქნება ორი მილიარდ 508 მილიონი, 300-პროცენტიანი ზრდა გვაქვს. ამით ყველაფერი ნათქვამია, თუ ვინ აქცევს რეალურ ყურადღებას განათლებას, ჩვენს მომავალ თაობას და ვინ ანგრევდა მიზანმიმართულად განათლების სისტემას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ – მასწავლებლების ხელფასების ზრდა. თუ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟზე გვაქვს საუბარი, არ შეიძლება, რომ მასწავლებლის ხელფასი იყოს დაბალი, არ იყოს შესაფერისი. შედარებისთვის გეტყვით, 2012 წელს მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება იყო 330 ლარი, 330 ლარი იყო ჩვენი მასწავლებლის საშუალო ანაზღაურება. წელს უკვე მას შემდეგ, რაც ჩვენ არაერთხელ გავზარდეთ ხელფასი, მასწავლებლის საშუალო ხელფასი არის 1200 ლარამდე დაახლოებით. ეს რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მნიშვნელოვნად გავზარდეთ მასწავლებლის ხელფასი. საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება სრული დატვირთვის შემთხვევაში მასწავლებლის ხელფასი, ზოგ შემთხვევაში 600, 700 და 800 ლარითაც კი. 1700-1800 ლარი გახდება მასწავლებლის ხელფასი, მაშინ, როდესაც 2012 წელს 330 ლარი იყო ხელფასი. ეს შედარებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა