„ჩემი ვიდეო ფაბრიკაციის გარდა იმ ჩათში დამხვდა სხვა 44 გოგონას ვიდეო, მათ შორის არასრულწლოვების...“ - ბაბი კირკიტაძე
მომღერალი ბაბი კირკიტაძე ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების საქმესთან დაკავშირებით „იმედის კვირას“ ესაუბრა.
„როდესაც ეს ვიდეო დავინახე, დედასთან ერთად ვიყავი.. სახლში მივდიოდით, მანქანაში ვისხედით. გავხსენი ვიდეო ტელეფონში და არც ვიცი, როგორ შევაფასო და რა სიტყვებით რაც მაშინ დამემართა. გავითიშე.. მოვწყდი, არაფერი არ მესმოდა.. კანკალი დამეწყო. დედა მეკითხებოდა რა მოხდაო და პირდაპირ გადავაწოდე ტელეფონი. მერე გავიაზრე, რომ ჩემთვის ამოუხსნელი ამბავი მოხდა, მაგრამ მშობლისთვის კიდევ უარესი. მერე ორმა მეგობარმა დამირეკა და მითხრეს, რომ ვიდეო გავრცელდაო..
რაც შეეხება მამას და ძმებს, დედამ უთხრა ამის შესახებ, მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. სულ იმაზე ვფიქრობ, რომ დედას ჩემი მიზეზით რამე არ მოუვიდეს, მაგრამ ის ძლიერია. ძლიერ მხარდაჭერას ვგრძნობ მისგან.
ის წამები, როდესაც ამაზე სტატუსს ვწერდი, ისიც არანორმალურად რთული იყო. ამ წუთას მაქვს ერთი მიზანი, ეს ამბავი მივიყვანო ბოლომდე“, – ამბობს ბაბი კირკიტაძე.
წამყვანის კითხვაზე – რა იყო ამ ვიდეოს გავრცელების მთავარი მიზანი, ბაბი პასუხობს, რომ ადამიანი „მოკლან და დაასამარონ“.
„მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს. აბსოლუტურად ყველა სეგმენტიდან მირეკავდნენ, მამხნევებდნენ. ყველას უდიდესი მადლობა, ხალხო თქვენმა მხარდაჭერამ გადამარჩინა“, – ამბობს ბაბი.
მომღერალი აღნიშნავს, რომ ვიდეო ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„ვიდეო ვიპოვე და დამხვდა სრული უბედურება. ჩემი ვიდეოს, ამ ფაბრიკაციის გარდა აქ იყო 44 სხვა გოგონას ვიდეო, მათ შორის არასრულწლოვნების და მაშინ მივხვდი, როგორი დაუცველია ქალი, გოგონა და როგორ შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე გახდეს ასეთი ავადმყოფების მსხვერპლი. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გადავეცი გამოძიებას. ცილისწამება ყოფილა თავზარდამცემი, ჯოჯოხეთური ამბავია“, – აღნიშნავს ბაბი.
წამყვანის კითხვაზე, ვის შეიძლება ეს გაეკეთებინა, მომღერალი პასუხობს, რომ არ იცის.
„წარმოდგენაც კი არ მაქვს. ასე ხილულად მტერი არ მყავს, მაგრამ ამ ვიდეოს გაკეთება ვის ტვინში მოიხარშა და რატომ გადაწყვიტა ამ მეთოდებით მებრძოლოს, არ ვიცი“, – ამბობს ბაბი კირკიტაძე.