საქართველოში მედიის თანამშრომლების მიმართ არაერთი მუქარა და თავდასხმა განხორციელდა - HRW
მედიის თანამშრომლების მიმართ არაერთი მუქარა და თავდასხმა განხორციელდა. ოქტომბრისთვის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო 37 საჩივარი და დაიწყო 12 გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში მავნე ჩარევის ფაქტზე, - ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
ანგარიშში საუბარია ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე და ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე.
ამასთან, Human Rights Watch-ის ანგარიში პარლამენტის მიერ მიღებულ აკრედიტაციის წესსაც ეხება.
„თებერვალში პარლამენტმა მიიღო ახალი, შემზღუდველი რეგულაციები მედიის აკრედიტაციის შესახებ, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, უფლებას აძლევს ხელისუფლებას აუკრძალოს ჟურნალისტებს პარლამენტში პარლამენტის წევრებისთვის კითხვების დასმა, თუ ისინი უარს იტყვიან ინტერვიუზე. ჩინოვნიკებმა ცვლილებების გასამართლებლად მედიის მიერ დეპუტატების შევიწროება დაასახელეს. სახალხო დამცველის ოფისმა გააკრიტიკა მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და ეფექტური გასაჩივრების მექანიზმის არარსებობის წესები. წესის მიღების შემდეგ, პარლამენტმა წამყვანი კრიტიკული მედია საშუალებების 9 ჟურნალისტსა და ოპერატორს აკრედიტაცია შეუჩერა. ჟურნალისტების თქმით, ეს მათი კრიტიკული კითხვების გამო მოხდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში, ასევე, საუბარია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანაზეც.
„ოქტომბერში პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკამათო ცვლილებები, რომლებიც აფართოებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებას, დაისაჯოს სამაუწყებლო „კონტენტი“, რომელიც შეიცავს უხამსობას, სიძულვილის წაქეზებას ან ტერორიზმს. ცვლილებები კომისიას უფლებას აძლევს დააწესოს სანქციები, მათ შორის სოლიდური ჯარიმების დაკისრება და მედია საშუალებისთვის მაუწყებლობის ავტორიზაციის შეჩერება. ადრე კომისიას შეეძლო ასეთი ქმედებების განხორციელება მხოლოდ საჩივრების საპასუხოდ. ქართულმა უფლებადამცველმა ჯგუფებმა დაგმეს ცვლილებები და განაცხადეს, რომ ის ქმნის ცენზურის და იმ მაუწყებლების მუშაობაში თვითნებური ჩარევის სერიოზულ რისკებს, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას“, - აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.