"უფლებას ვიტოვებთ, ვუპასუხოთ ამ არალეგალურ აქტს" - პაკისტანმა ირანიდან ელჩი გაიწვია
პაკისტანმა ირანიდან ელჩი გაიწვია, - ამის შესახებ განცხადებას პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ელჩის გაწვევა პასუხი იყო თეირანის მიერ პაკისტანის საჰაერო სივრცის დარღვევაზე, რომლის შედეგადაც პაკისტანში ორი არასრულწლოვანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.
უწყების თქმით, ოფიციალური ისლამაბადი იტოვებს უფლებას, უპასუხოს ამ არალეგალურ აქტს:
"გასულ ღამეს ირანის მიერ პაკისტანის სუვერენიტეტის არაპროვოცირებული და აშკარა დარღვევა არის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების შელახვა.
ეს უკანონო ქმედება სრულიად მიუღებელია და მას არავითარი გამართლება არ აქვს. პაკისტანი იტოვებს უფლებას, რომ უპასუხოს ამ უკანონო ქმედებას. შედეგებზე პასუხისმგებლობა კი თავად ირანს ეკისრება.
ჩვენ ამის შესახებ შეტყობინება ირანის მთავრობას მივაწოდეთ. ასევე ვაცნობეთ რომ პაკისტანი თეირანიდან საკუთარ ელჩს გაიწვევს, ხოლო პაკისტანში ირანის ელჩი, რომელიც ამჟამად სამშობლოში იმყოფება, შესაძლოა, ჯერ არ დაბრუნდეს პაკისტანში. გარდა ამისა, გაუქმებულია ორ ქვეყანას შორის უახლოეს დღეებში დაგეგმილი ყველა ორმხრივი ვიზიტი", - წერს პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
შეგახსენებთ, რომ ირანის მხრიდან პაკისტანის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, შემთხვევა კი 16 იანვარს მოხდა. პაკისტანის საგარეო უწყება არ აკონკრეტებს თუ რა სახის იყო საჰაერო სივრცის დარღვევა ან კონკრეტულად სად მოხდა იგი.