თეგებით ძიება
22. 01. 2024 მსოფლიო

რუსეთი აფხაზეთში ხანძრისგან გადარჩენილი ნამუშევრების აღსადგენად რესტავრატორებს გაგზავნის

რუსეთის კულტურის სამინისტრო აპირებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გაგზავნონ რესტავრატორები, რათა სოხუმში, "ეროვნულ სამხატვრო გალერეაში" გაჩენილი ხანძრისგან გადარჩენილი ნამუშევრების აღდგენაზე იმუშაონ.

ამის შესახებ საუბარია რუსეთის კულტურის მინისტრის, ოლგა ლიუბიმოვას ტელეგრამ-არხზე.

ლიუბიმოვამ ხანძარს აფხაზეთისთვის "ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა" უწოდა.

"ახლო მომავალში სოხუმში გაიგზავნება კულტურის სამინისტროს ჯგუფი, რომელშიც შევლენ ი.ე. გრაბარის სახელობის სრულიად რუსეთის სამხატვრო სამეცნიერო-სარესტავრაციო ცენტრის, რესტავრაციის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, ტრეტიაკოვსკის გალერიისა და რუსული მუზეუმის წარმომადგენლები. სპეციალისტები, რესტავრაციის სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ადგილზე შეხედავენ იმ ნახატებისა და დოკუმენტების მდგომარეობას, რომელთა გამოტანაც ხანძრიდან შეძლეს". - წერს რუსეთის კულტურის მინისტრი.

გალერეაში ხანძარი 21 იანვრის გამთენიისას გაჩნდა. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. კულტურის მინისტრის, დიმარა სმირის თქმით, 4 000 ნამუშევრიდან მხოლოდ 150 გადარჩა.

აფხაზეთის ეროვნული გალერეა 1963 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს განკარგულების საფუძველზე შეიქმნა. გალერეას შენობა რამდენჯერმე შეუცვალეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა