სახალხო დამცველი დეკანოზ მამალაძის გათავისუფლებას დადებითად აფასებს
სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს და დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების ფაქტს დადებითად აფასებს. ომბუდსმენის თქმით, დაახლოებით 3 თვის წინ, სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭომ 2024 წლის 14 თებერვალს დაასრულა საკითხის განხილვა და გიორგი მამალაძე გათავისუფლდა.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ რეკომენდაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების სხვა კრიტერიუმებს. სახალხო დამცველი მოუწოდებდა საბჭოს სრულყოფილად შეესწავლათ გიორგი მამალაძის მდგომარეობა და ჯეროვანი ყურადღება გამახვილებულიყო რეკომენდაციაში მითითებულ ყველა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წელს, სახალხო დამცველმა, მოწვეული სამედიცინო ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე.
შემდეგ პერიოდშიც გრძელდებოდა საქმის შესწავლა და სახალხო დამცველის 2020-2022 წლების ანგარიშებში მუდმივად იყო საუბარი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ ის ვერ იღებდა სათანადო სამედიცინო მომსახურებას სრულყოფილად,“ — აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.
საბოლოოდ, სახალხო დამცველის თქმით, 2023 წლის 30 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით იუსტიციის მინისტრს მიმართა. სახალხო დამცველი მიესალმება მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას.
გიორგი მამალაძეს 2017 წლის სექტემბერში ცხრაწლიანი პატიმრობა მიესაჯა. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2019 წლის 15 თებერვალს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა
დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.
პორკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.
2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.
თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.
დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.