სააკაშვილის ექსტრადაციაზე უკრაინულ მხარეს არ მოუმართავს, ჰუმანიტარული მიზნებით გაყვანა, როგორც ასეთი, არ არსებობს - რატი ბრეგაძე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, უკრაინულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადაციასთან დაკავშირებით არ მოუმართავს.
ამასთან, მინისტრმა განმარტა, კანონის მიხედვით, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ექსტრადაცია.
„ექსტრადაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, სააკაშვილს დანაშაული უნდა ჰქონდეს ჩადენილი უკრაინაში და უკრაინული მხარე ითხოვდეს მათთვის დამნაშავის გადაცემას. ექსტრადაციასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარეს ნამდვილად არ მოუმართავს. ჰუმანიტარული მიზნებით გაყვანა, როგორც ასეთი, არ არსებობს. თუკი საუბარია მკურნალობაზე, ის მკურნალობს კლინიკაში ჩვეულებრივად. იცით, რომ ჰუმანიტარული მიზნებით გაყვანაზე ადრე იყო გარკვეული საუბრები, რაზეც ყველა დონეზე ნებისმიერ სასამართლოში ითქვა უარი. სჯობს, ყველამ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას და ყველამ მოუწოდოს სააკაშვილს, სრულად დაემორჩილოს ექიმების მოთხოვნებს, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად იქნება. ჩვენი ინტერესი როგორც სააკაშვილთან, ისე ყველა სხვა პატიმართან დაკავშირებით არის ერთადერთი, რომ მათ ჰქონდეთ კარგი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.