„ამაზე ყველამ ხმა უნდა ამოიღოს. ისედაც მცირე ერი ვართ და ახალგაზრდები გვეღუპება!“ - ნარკოლოგი და ფსიქიატრი ზაზა გუნცაძე
ექიმი-ფსიქიატრი და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ნარკოლოგ-ექსპერტი ზაზა გუნცაძე TIA.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტთა რაოდენობამ მოიმატა და ამის მიზეზსაც ასახელებს.
_რამდენიმე წელია, ფსიქიკურად დაავადებულთა რიცხვმა მართლაც მოიმატა. ეს შეიძლება იყოს მწვავე, გარდამავალი ფსიქიკური აშლილობები და ა.შ. საუბედუროდ, ნარკოტიკების მოხმარება და ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მტკივნეულ პრობლემად იქცა. მე მეტადონის ჩანაცვლების პროგრამაში ვმუშაობ და ვხედავ, რომ პაციენტების რაოდენობა გვეზრდება. სამწუხაროდ, ეს პაციენტები კიდევ სხვა რაღაცეებს ამატებენ ხოლმე და ადრე თუ კლასიკური ფსიქოზები, შიზოფრენია და დეპრესიული აშლილობები გვხვდებოდა, ბოლოს დროს უფრო მეტად სხვადასხვა ნივთიერებების მოხმარების შედეგად გამოწვეულმა ფსიქიკურმა აშლილობებმა იმატა, რომლებიც მწვავე ჰალუცინატორული, პარანოიდული და ა.შ. აშლილობებით გამოიხატება. სამწუხაროდ, ფსიქიატრიული კლინიკები იმდენად გადავსებულია, რომ ახალი პაციენტებისთვის ადგილები საძებნელია. სასწრაფო დახმარება და საპატრულო ეძებენ, რომ პაციენტი სადმე მოათავსონ. გამოდის, რომ სანამ ვინმე არ გაეწერება, პაციენტს ვერ აწვენენ.
რა თქმა უნდა, მწვავე ფსიქოზიანი პაციენტები საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, ამიტომ ვფიქრობ, რომ სტაციონარებში ადგილების რაოდენობა გასაზრდელია, ასევე, ნარკოლოგიაში უნდა ჩაიდოს თანხა პაციენტების რეაბილიტაციისთვის. სამწუხაროდ, ემიგრაციიდან ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ფსიქოზებით ჩამოდის და ასეთი ბევრი პაციენტი მყავს. უცხოეთში ეს ამფეტამინები და მეტამფეტამინები ძალიან ხელმისაწვდომია და ეს ფსიქიკური აშლილობები, ტვინის დაზიანება, ენცელოპათიები ძირითადად, ამ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების გამო წამოვიდა“, - ამბობს გუნცაძე.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაა.
„მე ფსიქიატრიც ვარ და ნარკოლოგიც და უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ნარკოლოგიას უნდა მივხედოთ იმიტომ, რომ ნარკოტიკების მოხმარების შედეგად გამოწვეულმა ფსიქიკურმა აშლილობებმა იმრავლა. საშინელება ხდება. ვინ იცის, რა უცნობი ნივთიერებაა კიდევ შემოსული, რომელიც ბოლომდე შესწავლილი არაა. ზოგის ერთჯერადმა მოხმარებამაც კი შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს ფსიქიკურ მდგომარეობას და ამ დროს ადამიანმა საშინელება ჩაიდინოს. იწყება მწვავე ჰალუცინოზი, აგრესიული ქმედებები და ამ ფონზე რა თქმა უნდა, დანაშაულებიც იმატებს. ზოგი სუიციდს ჩადის და სიმაღლიდან ხტება, ზოგი სხვას ერჩის. უკვე ვეღარ ავუდივართ, იმდენი მომართვიანობა გვაქვს მეტადონის ჩანაცვლებით თერაპიაში. სამწუხაროდ, ასეა, ჩვენი პაციენტების რიცხვი იზრდება და ეს უბედურება მარიხუანით იწყება. მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს რომ მარიხუანაზე ხელი მუწვდებათ, საგანგაშო მგონია და ვფიქრობ, ნარკოპოლიტიკაც შესაცვლელია.
ვფიქრობ, რომ უნდა აიკრძალოს მარიხუანის ასეთ ხელმისაწვდომობა და სასჯელი უნდა გამკაცრდეს. რა თქმა უნდა, პროპაგანდაც არ შეიძლება. ყველა უნდა დაირაზმოს, სკოლაც, ეკლესიაც, საზოგადოებაც. ხშირად უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს, უნდა გავაგებინოთ, რომ მარიხუანა უბედურების კარიბჭეა და აქედან უფრო მრავალფეროვანი ნარკოტიკებისადმი ლტოლვა იწყება. მერე რა, ბალახიაო ვინც ამბობს, იმან არ იცის, ეს ბალახი რამდენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ცნობიერების მოშლას და ფსიქიკის დარღვევას იწვევს. ამაზე ყველამ ხმა უნდა ამოიღოს. ისედაც მცირე ერი ვართ და ახალგაზრდები გვეღუპება!“ - ამბობს გუნცაძე TIA.GE-სთან.