პოლიტიკური პროცესები მალე უნდა განვითარდეს, რადგან დრო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს - ვახტანგ ძაბირაძე
„ვფიქრობ, რომ პოლიტიკური პროცესები მალე უნდა განვითარდეს, რადგან დრო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს. რაც უფრო გააჭიანურებენ პოლიტიკურ გაერთიანებებს ოპოზიციური პარტიები, ისინი ამით უფრო დაზარალდებიან“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ TIA.GE-სთან განაცხადა.
რაც შეეხება გვარამია-მელიას გაერთიანებას, ძაბირაძის თქმით, მათ პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდება, რადგან, შესაძლოა, ხმების გარკვეული რაოდენობა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოიღონ.
„შანსები, რა თქმა უნდა აქვთ. ჩემი აზრით, არ უნდა გაუჭირდეთ 5%-იანი ბარიერის გადალახვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გვარამიას არ აქვს დადებითი შედეგი და მან შეიძლება პარტიას ამომრჩეველი დაუკარგოს... თუმცა, მაინც მგონია, რომ ისინი ყოფილი ნაციონალების ხმების გარკვეულ რაოდენობას მაინც წამოიღებენ“, - ამბობს ძაბირაძე და დასძენს, რომ ახალი პარტიის შანსები გაიზრდება, თუ ისინი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანდებიან.
„შეიძლება მათი გაერთიანება „ევროპულ საქართველოსთან“ ვერ და არ მოხერხდეს, მაგრამ მომგებიანი იქნება ხოშტარია-ჯაფარიძესთან გაერთიანება, რადგან ცალკე ჯაფარიძე-ხოშტარიას და ასევე, გვარამია-მელიას გაუჭირდებათ ბარიერის აწევა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ახალი პარტიის ძირითადი მხარდამჭერები მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მხარდამჭერები იქნებიან.
რაც შეეხება, „ლელოს“ და ახალი პარტიის ალიანსს, ვფიქრობ, ეს ალიანსიც შეძლებს გარკვეული რაოდენობის ამომრჩევლის წამოყვანას, თუმცა ეს იქნება „კორპორატიული ამომრჩეველი“, ვგულისხმობ ხაზარაძე-ჯაფარიძის დასაქმებულ ხალხს.... მაგრამ ამ გაერთიანებამ შეიძლება „ლელოს“ შუაშისტური ხმები დააკარგინოს. ამიტომ მე „ლელოს“ ვურჩევდი დოლიძე-ელისაშვილთან ალიანსს“, - ამბობს ძაბირაძე.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების გადალაგების პროცესი მალე უნდა მოხდეს, რადგან პროცესის გაჭიანურება სარგებელს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ მოუტანს.
„ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური პროცესები მალე უნდა განვითარდეს, რადგან ეს დრო მუშაობს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. რაც უფრო გააჭიანურებენ პოლიტიკურ გაერთიანებებს, ისინი ამით უფრო დაზარალდებიან“, - ამბობს ძაბირაძე.
ესაუბრა ნინო სილაგაძე