“დეგნანის განცხადება დასტურია იმის, რომ ჩვენი პარტნიორები კარგად აღიქვამენ იმ დამოკიდებულებას, რაც ივანიშვილს ამ ქვეყნის მიმართ აქვს” - ლევან ხაბეიშვილი
უნდათ, რომ ჩალით დახურონ ეს ქვეყანა, შემდეგ კანდიდატის სტატუსსაც, ცხადია, ევროკავშირი გადახედავს - დეგნანის განცხადება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმის, რომ ჩვენი პარტნიორები კარგად აღიქვამენ იმ დამოკიდებულებას, რაც ივანიშვილს ამ ქვეყნის მიმართ აქვს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ საქართველოს რუსეთის გუბერნიად აქციოს, მაგრამ არ გამოუვა.
„ხელისუფლება ხვდება, რომ არჩევნებს აგებს, ამას მდინარაძე საუბრობს ღიად და ამბობს, რომ ოქტომბერში ისინი დამარცხდებიან, თუ ამ კანონს არ მიიღებენ. ეს კანონი რაში სჭირდებათ? სჭირდებათ იმისთვის, რომ არ იყოს არასამთავრობო ორგანიზაციები, არ იყოს განსხვავებული აზრი, იმიტომ, რომ დევნონ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.
მათ კარგად იციან, რომ გაყალბების შემთხვევაში, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცხადია, იტყვიან, რომ ეს არჩევნები არ იყო გამჭვირვალე, შესაბამისად, ამის ეშინიათ. ახლა უნდათ, რომ ჩალით დახურონ ეს ქვეყანა, შემდეგ კანდიდატის სტატუსსაც ცხადია, ევროკავშირი გადახედავს. ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ რუსეთის გუბერნიად აქციოს ეს ქვეყანა, მაგრამ ცხადია, არ გამოუვა.
დეგნანის განცხადება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმის, რომ ჩვენი პარტნიორები კარგად აღიქვამენ იმ დამოკიდებულებას, რაც აქვს ივანიშვილს ამ ქვეყნის მიმართ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მთელი უბედურება ის არის, რომ ხელისუფლება საკუთარ თავს კი არ იზიანებს, ქართველ ხალხს აზიანებს, ქართველი ხალხის მომავალს აზიანებს და მსოფლიოში არ არსებობს, ცივილიზებულ სამყაროში ვერ ნახეს ერთი პარტნიორიც კი - ამერიკელი, ესტონელი, პოლონელი, ლიტველი, ფრანგი, გერმანელი, რომელიც იტყვის, რომ ეს კანონი ნორმალურია, არ არსებობს ასეთი. ამ კანონის მხარდამჭერი ჰყავთ რუსეთში, ეს არის პესკოვი, ეს არის მედვედევი, ეს არის ლავროვი, ეს არის პუტინი და აქ, საქართველოში მდინარაძე, ზარქუა, კობახიძე და ივანიშვილი,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანია, ხელისუფლებამ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას.
"ვფიქრობ, ამ კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ მმართველმა ძალამ, ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო/სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას. იმ მისიებისა, რომელთა დისკრედიტაციასაც ახდენდნენ გასულ წლებში. მათ სურთ, რომ არ ისმოდეს კრიტიკის ხმა არჩევნების პროცესთან მიმართებით. სხვა ახსნა უბრალოდ არ მაქვს", - აღნიშნა დეგნანმა, რომლის განცხადების თარგმანს „ფორმულა“ ავრცელებს.