მირტყამდნენ... უნდოდათ მეთქვა, რომ „ჩმორი“ ვარ - ლევან ხაბეიშვილი
მინდა გითხრათ რას ლაპარაკობდნენ [სპეცრაზმელები] თუ გაინტერესებთ: როცა მირტყამდნენ მეუბნებოდნენ, რომ „შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებამ მუდმივად აკრიტიკებ, იქნებ გაჩერდე“. ამბობდნენ, რომ „მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, სპეცრაზმელები მას ეუბნებოდნენ, რომ უნდა ეთქვა, რომ „ჩმორია“ და აღარ სცემდნენ, თუმცა, როცა ამაზე მიიღეს პასუხი, კიდევ უფრო სცემეს.
„საქმის კურსში მინდა ჩაგაყენოთ. არ გაინტერესებთ რა მოხდა? შემომხედეთ ერთ თვალში მაინც. ახალგაზრდა ბავშვს ითრევდნენ რობოკოპები აქციაზე, რაც პირდაპირ ეთერში იყო. ცხადია, როგორც კი დავინახე, რომ ბავშვი შეჰყავდათ, ამ ბავშვისკენ გავემართე, რომ იქნებ არ წაეყვანათ, იქნებ ასე არ მოქცეოდნენ. ამის შემდეგ, როცა უკვე სპეცრაზმის, „ხარებას“ დაჯგუფების ალყაში მოვხვდი, სხვათა შორის, დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში აგრძელებდნენ. მინდა გითხრათ რას ლაპარაკობდნენ თუ გაინტერესებთ: როცა მირტყამდნენ მეუბნებოდნენ, რომ „შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებამ მუდმივად აკრიტიკებ, იქნებ გაჩერდე“. ამბობდნენ, რომ „მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა“. ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა რომ „ჩმორი“ ვარ და აღარ გამლახავდნენ. ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი. ამაზე როცა მიიღეს პასუხი, კიდევ უფრო მომხვდა. ეს, რასაც ჩემს ტანზე ხედავთ, არის რუსეთი და ასე გაიღვიძა ძალიან ბევრმა ბავშვმა. თქვენ შეიძლება გაგიხარდათ ხაბეიშვილს ასე რომ აქვს, მაგრამ ჩვენს შვილებს დასდევდნენ ესენი იქ. მე მახსოვს, აქ უმრავლესობის ლიდერმა განცხადება გააკეთა, რომ ერთი ახალგაზრდის თმის ღერიც არ გვიღირს არანაირ კანონადო. იმ ახალგაზრდების გამო, ვისაც თმის ღერი ჩამოუვარდა, თავის ქალაშიც ურტყეს და დაალურჯეს, მინდა გთხოვოთ, იქნებ ეს კანონი გაიტანოთ. 5 თვე არჩევნებამდე დარჩენილი. შეიძლება ამ თვალიდან მე ვერ გამოვიხედო, მაგრამ ქვეყანა გამოიხედავს 5 თვის მერე. გთხოვთ, შეწყვიტეთ კანონის განხილვა და თუ არ შეწყვეტენ საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ: გამოდით ყველა და დაიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესები!“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.