თეგებით ძიება

საკმაოდ საგანგაშო სურათია.. გაუფასურებული ლარი ნიშნავს გაძვირებულ პროდუქტს, გაძვირებულ ცხოვრებას და ა.შ. - ოთო აბესაძე

დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იკლებს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, შემცირდა როგორც "საქართველოს ბანკის" და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე "საქართველოს კაპიტალის”. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასი იზრდებოდა, ეს საკმაოდ საგანგაშო სიგნალია.

რა მოხდება საქართველოსთვის სანქციების დაწესებისა და ამერიკული და ევროპული დახმარების გაჩერების შემთხვევაში? - ამ კითხვით TIA.GE-მ ეკონომისტ ოთო აბესაძეს მიმართა:

- ეს საკმაოდ საგანგაშო სურათია, ვინაიდან ქვეყანა დასავლური სამყაროსგან ერთგვარი სანქციების სამიზნე ხდება. საუბარი მაქვს შეერთებული შტატებზე და ევროკავშირზე, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებზე, რომელიც თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს ქმნის. ასეთ დროს საერთაშორისო ფონდები და საფინანსო ინსტიტუტები მსგავსი ტიპის ქვეყნებში ინვესტირებას არ ახდენენ. სწორედ ამიტომ დავარდა ასე მკვეთრად ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების ფასი. ეს აისახება იმ კუთხით, რომ ქვეყანაში ინფლაციას და ლარის გაუფასურებას გამოიწვევს. 

- რას უნდა ველოდოთ სანქციების დაწესების შემთხვევაში?

- სანაქციების წინაპირობის შემთხვევაში ქართული აქტივების შესყიდვა გააჩერეს და სანქციების დაწესების შემთხვევაში საერთოდ აეკრძალებათ. შესაბამისად, სანქციების დაწესების შემთხვევაში საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ სურათს ვპროგნოზირებ.

- რამდენად მძიმეს? ყველაზე ცუდს რას უნდა ველოდოთ?

- ყველაზე ცუდს უნდა ველოდოთ იმას, რომ საქართველოში დაახლოებით წლის განმავლობაში მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის შემოსვლა შეწყდება. რაც ნიშნავს, რომ წელიწადში საშუალოდ, თვიდან თვემდე 20-30 პუნქტით მოხდება ლარის გაუფასურება. გაუფასურებული ლარი ნიშნავს გაძვირებულ პროდუქტს, გაძვირებულ ცხოვრებას და ა.შ. 

- გამოსავალს რაში ხედავთ? რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ამ პროცესების შესაჩერებლად?

- ჩვენი პრობლემა ვალუტის არქონაა ანუ ლარს აუფასურებს ის, რომ ნაკლები დოლარი შემოდის და ამ დროს საქართველოს მთავრობა მსოფლიო ეკონომიკის დომინანტად ანუ დოლარის შემქმნელთან ურთიერთობას საფუძველს უთხრის. საქართველოს მთავრობა გონს უნდა მოეგოს და თავის ნამდვილ პარტნიორებთან მოლაპარაკება აწარმოოს, გააგრძელოს თავისი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია დასავლეთთან, შეერთებულ შტატებთან. სხვა ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება საქართველოსთვის ფინანსური გარანტი, იმიტომ, რომ საქართველოს ფინანსური გარანტი არის დოლარი, დოლარს კი ამერიკის შეერთებული შტატები ქმნის. ყველაფერი ძალიან მარტივია. 

ცნობისთვის, თბილისის დროით 13:30 საათისთვის: "საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 12.18%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 41.45 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.138 მილიარდი სტერლინგია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება 9.32%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 26.75 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.634 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 6.48%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.10 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 460.8 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა