თეგებით ძიება

ეს არჩევნები არ არის! ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოაცხადა - გია ხუხაშვილი

მომდევნო მოწვევის პირობებში უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობა“თავისი სატელიტებით, მემკვიდრე პარტიებით. ვინც არ უნდა გადალახოს ბარიერი, გასამართლებას ვერავინ აიცილებს იმ დანაშაულებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს ჯერ მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და შემდეგ 12 წლის განმავლობაში, როდესაც ოპოზიციაში იყვნენ - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციურ გაერთიანებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორ აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების შესახებ შესახებ პრემიერის განცხადებას და რამდენად შესაძლებელია პარლამენტში შესული პარტიის  აკრძალვა - TIA.GE-მ ამ კითხვებით პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს მიმართა:

-

- საქმე უფრო რთულად არის, რადგან ერთი პატიის კი არა, ნააცმოძრაობასთან აფილირებული ყველა პარტიის დასჯას აპირებენ. ამასთან ერთად, აცხადებენ, რომ ყველა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი ნაცმოძრაობასთან არის აფილირებული. აქედან გამომდინარე, ეს არის სრულიად პროპაგანდისტული აბსურდი, რისი განხორციელების თეორიული შანსიც კი არ არსებობს, მაგრამ ეს „ქართული ოცნებისთვის“ დამახასიათებელია. ახლა ისინი ფსონებს ზრდიან. ცდილობენ აგრესიული ელექტორალური მასისთვის, რომელსაც 12 წლის თავზე „ნაცების სისხლი წყურია“, გარკვეული მუხტი და მოლოდინები შექმნას, მაგრამ ამას „არავინ არ ჭამს“, ბუნებრივია. ეს კამპანია ძალიან წააგავს „გარეჯი საქართველოა“-ს ამბავს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირებით და ა.შ. ასე, რომ ყველაფერი „წინასაარჩევნო ბრახაბრუხია“ და მეტი არაფერი.

- „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერების განაწყენებაც მოახერხა. ვგულისხმობ „ალტ-ინფოს“, რომელსაც რეგისტრაცია გაუუქმა და „პატრიოტთა ალიანსს“, რომელსაც საარჩევნო კომისიის 3050 წევრი ჩამოართვა. 

- ჩამოართვა იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ რიტორიკიდან გამომდინარე, ყველლა ვხვდებით რომელ ამომრჩეველზე ჩამოდიან ფსონს. შესაბამისად, „ალტ-ინფო“ და „პატრიოტთა ალიანსი“ მათი პირდაპირი კონკურენტები არიან და ეს ელექტორატი, თავისთვის უნდათ. მიაჩნიათ, რომ „ალტ-ინფოს“ ელექტორატი მათია და რატომ უნდა დაუთმონ?

- ვაღიაროთ, რომ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“, „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა და თქვენი აზრით, რატომ გაირთულეს ცხოვრება?

- აქედან ძალიან შემაშფოთებელი დასკვნა კეთდება, რომ ისინი მუშაობენ გარკვეული დაკვეთით რუსეთიდან. მოსკოვს მათი ცრემლების არ სჯერა, თავისი დღის წესრიგი აქვს და იმას კარნახობს. 

- კანონის მიღება რუსეთის მოთხოვნა იყო?

- ფაქტია, რომ ზუსტად იმ გზით მიდიან, რაც თავის დროზე რუსეთმა გაიარა. ისინი ეუბნებიან, რომ თუ მოდიხარ, კეთილი ინებე და იმ გზით იარე რა გზითაც რუსეთში ავტოკრატია დამყარდაო.

- ოპოზიციის შანსებზე რას გვეტყვით?

- ჯერჯერობით რამის პროგნოზირება ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ვითარება არის ძნელი. წარმოიდგინეთ რა აბსურდში ვცხოვრობთ, რომ გუშინწინ კამალა ჰარისი გამომიდა და თქვა, რომ ის ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება, ჩვენთან ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და ქართველების ერთ ნაწილს დაპირდა, რომ მეორე ნაწილის სისხლს დაალევინებს. ეს არის განსხვავება და ამ ვითარებაში ვართ. ფაქტობრივად, ეს ხომ არჩევნები არ არის? ეს ომია! ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოაცხადა. რეალურად, ეს ხელისუფლება აღარავის უნდა და ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს, მაგრამ ოპოზიციაც რომ არ უნდა? ამ მოცემულობაში, დარჩენილ ორ თვეზე ძალიან ბევრია დამოკიდებული საით გადაიხრება სასწორი. ასე რომ ეს ორი თვე გადამწყვეტი იქნება.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს, საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს, ელექტრონული წესით აირჩევს. ეს ისტორიაში პირველი არჩევნები იქნება, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა