ხაზარაძე-გახარიას გაერთიანება საუკეთესო ვარიანტი იქნება: ეს იქნება ოპოზიციაში „ნაცმოძრაობის“ და ზოგადად, არჩევნებში „ქართული ოცნების“ ალტერნატივა - ვახტანგ ძაბირაძე
პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, თუკი გახარია-ხაზარაძის პოლიტიკური ჯგუფები გაერთიანდება, ის ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერი გაერთიანება იქნება, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველი ადგილისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა.
მისი თქმით, გახარია-ხაზარაძის გუნდების გაერთიანებას საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება.
„თუ ეს ორი ჯგუფი გაერთიანდება, მიუხედავად მათ შორის არსებული პრობლემებისა და ა.შ., ეს იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი. ოპოზიციაში გაჩნდებოდა რეალური პოლიტიკური ძალა, რომელიც დაუპირისპირდებოდა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ეს უნდა მოხდეს დროზე, რომ ამომრჩეველმა შეძლოს ამის აღქმა. თუ ეს გაერთიანება მოხდება ოპოზიციურ ფლანგზე, ეს იქნება არა მარტო ლიდერი პარტია, არამედ იქნება პარტია, რომელიც დაუპირისპირდება და სერიოზულ კონკურენციას გაუწევს [„ქართულ ოცნებას“], პირველი ადგილისთვის იბრძოლებს არჩევნებში.
ჩემი შეფასებით, ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება. ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი. ეს იქნება ოპოზიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივა და ზოგადად, არჩევნებში „ქართული ოცნების“. ორივე ამ გაერთიანების, როგორც „ნაცების“, ისე „ქოცების“ ალტერნატიული პარტია შეიქმნება,“ - განაცხადა ძაბირაძემ.
ამასთან, პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ გახარიასა და ხაზარაძეს შეუძლიათ ორივესთვის მისაღები პრემიერობის კანდიდატი დაასახელონ და დღევანდელ სიტუაციაში, იდეალური კანდიდატი ანა დოლიძე იქნება.
„მათ შეუძლიათ ისიც კი გააკეთონ, როგორც ხაზარაძე, ისე გახარია პრემიერობაზე თუ უარს იტყვიან და თავიანთი გაერთიანებული ჯგუფიდან, ორივესთვის მისაღებ სხვა კანდიდატს წამოწევენ. ჩემთვის ასეთი გაერთიანების ყველაზე საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა ანა დოლიძე, რომელსაც ვერც „ქოცობას“ დააბრალებს ვერავინ, ვერც „ნაცობას“, ვერც გაუნათლებლობას. მოკლედ დღევანდელი სიტუაციისთვის მორგებული კანდიდატია. ჩემი შეფასებით, ეს იქნებოდა საუცხოო ვარიანტი,“ - განაცხადა ძაბირაძემ.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: „გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, მას და მის თანაგუნდელებს არაფერს ვერჩი და ბევრ რამეში ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ იქნება ეს მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის? - თუ ეს სინერგიას მოიტანს, მე პიროვნული თემა არ მაქვს“.