"მტკიცედ გადაწყვიტა: ოპოზიციური პარტიების გაუქმება, არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული მედიის დატერორება..." - კაჭკაჭიშვილი ივანიშვილზე
სოციალურ ქსელში, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი პოსტს აქვეყნებს:
ერთი წუთით თავი გავანებოთ ყოველგვარ გეოპოლიტიკურ ტრაექტორიებს და ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ბ-ნი ბიძინას ფსიქოტიპის „სათვალეებით“ შევხედოთ.
ბიძინა ივანიშვილს ეჯავრება საჯარო პოლიტიკა, საჯაროობა ზოგადად. მისი ფოტოც კი არ ენახა ხალხს 2012 წლამდე. მერეც, პოლიტიკაში ყოფნის დროს, როცა „წასვლის“ შესაძლებლობა იყო, ამ შესაძლებლობას ყოველთვის იყენებდა.
მისთვის პოლიტიკა ბიზნეს-პროექტია. თავის ბიზნესში ის მეფე იყო, ვერტიკალის წვერი და ჰყავდა მხოლოდ ქვეშევრდომები, ვისაც ავალებდა და აკონტროლებდა. როდესაც პოლიტიკაში მოვიდა, თავის პარტნიორებსაც (ფაქტიურად, მთელ იმჟამინდელ ოპოზიცას) ასე უყურებდა - ბატონობა-დაქვემდებარების პრიზმაში. მაგრამ პოლიტიკა არ აღმოჩნდა ბიზნესივით სწორხაზოვანი - ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში (განსაკუთრებით, 2014 წლის ჩათვლით) ივანიშვილს უწევდა ალტერნატიული (ზოგჯერ, საწინააღმდეგო) პოზიციების გათვალისწინება, ნათქვამის უკან წაღება, სიტუაციური წაგება, რასაც აბსოლუტურად შეუჩვეველი იყო. მიხვდა, „მეფედ“ ვერ დარჩებოდა, თუ ბატონობა-დაქვემდებარების კლასიკურ სქემას არ აღადგენდა. ამიტომ, ჩამოიშორა პრაქტიკულად ყველა, ვისაც ბოლომდე ვერ იმორჩილებდა.
მაგრამ რად გინდა? პარტიის გარეთ ხომ დარჩნენ ურჩები? „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, არასამთავრობო ორგანიზაციები, კრიტიკული მედია, მასონები ევროპასა და ამერიკაში.
ჰოდა, დაიტანჯა ადამიანი - 12 წელია ვერ მოისვენა/არ მოასვენეს. ასაკიც მოემატა, რამაც მშვიდად ცხოვრების მოთხოვნილება გაუმძაფრა. და გვიან, მაგრამ მტკიცედ გადაწყვიტა: ოპოზიციური პარტიების გაუქმება, არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული მედიის დატერორება, ევროპისთვის და ამერიკისთვის რკინის ფარდის ჩამოფარება. ამ გეგმის განხორციელება დაიწყო, მაგრამ ბოლომდე ხორცშესხმას ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებით აპირებს. ამიტომ სწყურია უბრალოდ უმრავლესობა კი არა, კონსტიტუციური უმრავლესობა. აი, მერე კი უკანმოუხედავად წავა საჯარო პოლიტიკიდან და გახდება ისევ უჩინარი (მაგრამ ყველგანმყოფი) მეფე, ყოველგვარი საჯაროობის გარეშე.
თუმცა...
„კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო“, ხომ გახსოვთ? პოლიტიკა კანონზომიერი მოულოდნელობების სფეროა, ბიზნესისგან განსხვავებით, ბ-ნო ბიძინა.