"სისხლისგან დაიცალა, შველას ითხოვდა, ხალხი კი უბრალოდ უყურებდა" - სასტიკი მკვლელობა მარნეულში - ვინ არის მარნეულში მოკლული მამაკაცი?
მარნეულში, სამედ ვურღუნის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, რომელიც მალევე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ამ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. საქმეში სამართალდამცავები ჩაერთნენ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დამნაშავე უკვე დაკავებულია, საქმე 108-ე მუხლით აღიძრა და მას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.
ambebi.ge-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი და დაჭრილი ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან. 40 წლამდე ასაკის მამაკაცია დაკავებული. არსებული ინფორმაციით, მათ შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რაც მკვლელობით დასრულდა. მოკლული მამაკაცი 1988 წელს დაბადებული რასიმ გუბანოვია.
ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის სამირა ბაირამოვას თქმით, დაჭრილისთვის დახმარება ხალხს დროულად რომ გაეწია, ის შეიძლება გადარჩენილიყო. სავარაუდოდ დაჭრილი სისხლისგან დაიცალა.
"სასტიკი მკვლელობის კადრები ვნახე... კარგად ჩანს, როგორ ესხმის მოძალადე მას თავს და შემდეგ როგორი წევს დაჭრილ მამაკაცი ძირს, ჯერ ცოცხალია და შველას ითხოვს, გარშემო მყოფი ხალხი უბრალოდ უყურებს შორიდან და რამდენიმემ გაიარა იქვე. კადრებში ჩანს, რომ არავინ მიდის მის საშველად, მისი გადარჩენა სრულად შესაძლებელი იყო. ადამიანები რატომ გახდნენ ასეთი უსინდისოები არ ვიცი. როგორც შევიტყვე გარდაცვლილს რასიმი ქვია, ადგილობრივია, დამნაშავე დაკავებულია, სხვა დეტალი ჩემთვის უცნობია" - ამბობს სამირა ბაირამოვა.