ნიკო მანაგაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს
სამოქალაქო აქტივისტი, სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" დამფუძნებელი, ნიკო მანაგაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ნიკო მანაგაძის თქმით, საქმე აღძრულია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო და უნდა გამოცხადდეთ უწყებაშიო.
რა მოხდა: იმედის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ვკითხე, გმობდნენ თუ არა მათ კოლეგაზე (“მთავარი არხის” ოპერატორზე) პოლიციის მხრიდან ძალადობას, კამერის დამტვრევას და მის უკანონოდ დაკავებას. და უთხრეს თუ არა ამის შესახებ თავიანთ მაყურებელს, გაუშვეს თუ არა ამის ამსახველი კადრები ეთერში.. (ტელევიზია, რომელიც მუდმივად 7 ნოემბერზე და თავიანთი ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე აპელირებს წინა ხელისუფლების კონტექსტში).
და ტრაგიკომიკური ისაა, რომ იმ "პოლიციელებზე" კი არ აღძრეს საქმე, რომლებმაც (რბილად რომ ვთქვათ) მართლა ხელი შეუშალეს მედიის წარმომადგენელს ბრუტალური მეთოდებით მუშაობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერა დაულეწეს და დააკავეს, მე გამომაცხადეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შემშლელად ამაზე კითხვა რომ დავუსვი პირდაპირ ეთერში მათ "კოლეგებს".
პ.ს. ტელეკომპანია “იმედმა” მოგვმართა ამასთან დაკავშირებითო."- წერს ნიკო მანაგაძე.