მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის 620 584 ლარს - 6 პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრს ბრალდება წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, ჯამში - 620 584 ლარს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ნდობაში შედიოდნენ საქართველოში და საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებთან, ატყუებდნენ, რომ თითქოსდა იყვნენ იტალიაში რეგისტრირებული ერთ-ერთი კომერციული ბანკის თანამშრომლები და არწმუნებდნენ, რომ შესაბამისი თანხის მათთვის გადაცემის შემთხვევაში, დაზარალებულები მაღალ საპროცენტო სარგებელს მიიღებდნენ.
გამოძიების ამ ეტაპისთვის დადგენილია, რომ აღნიშნული ხერხით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ 40-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, ჯამში - 620 584 ლარს.
ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით) წარედგინათ. სამართალდამცველებმა 5 პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა, ხოლო 1 პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 7- დან 10 - წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის და მხილების მიზნით," - წერია განცხადებაში.