პოლიციამ დააკავა რუსეთის მოქალაქეები, ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან - ირაკლი კობახიძე
ძალიან საინტერესო დეტალია, რომ სამართალდამცველების მიერ დაკავებული არიან რუსეთის მოქალაქეები, ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვისი კარნახით იყვნენ ჩამოსული, რა ინსტრუქციებს აძლევდნენ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს, ეს ყველაფერი გამოსაძიებელია.
„წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ეს არის გამოძიების საქმე, მაგრამ ძალიან საინტერესო დეტალია ის, რომ არიან რუსეთის მოქალაქეები, იყო ერთგვარი დაჯგუფება და ამ დაჯგუფების წევრები დაკავებული არიან სამართალდამცველი უწყებების მხრიდან. ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებს, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, ეს არის გამოძიების საქმე. განსაკუთრებული ყურადღებით არის ეს საკითხი გამოსაძიებელი, რა უნდოდათ რუს მოძალადეებს ასეთ დაჯგუფებას საქართველოში, ვისი კარნახით იყვნენ ჩამოსული და რა ინსტრუქციებს აძლევდნენ ისინი ძალადობრივ დაჯგუფებებს, რა უნდოდა ბრიტანელ ინსტრუქტორს, რატომ შეიჭრა ის პარლამენტის შენობაში, ვისი დაკვეთით მოქმედებდა ეს ადამიანი, ეს ყველაფერი გამოსაძიებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.