საქართველოს 386 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს - თურქულმა კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი მოიგო - რომან გოცირიძე
თურქულმა კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი მოიგო - ამის შესახებ სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
საქართველოს 386 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს მავნებელი ვარლამის,, პარაზიტი მღვდლებისა და მთავრობის მიერ დასპონსორებული პრორუსული ჯგუფების მიერ ნამახვანის ჰესის მშენებლობის ძალადობრივი გზით ჩაშლისათვის.
თურქულმა კომპანიამ საერთაშორისო არბიტრაჟში სარჩელი მოიგო - წერს გოცირიძე.
ცნობისთვის, საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორს-მაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის ნამახვანჰესის $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.
კომპანიამ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულვებელყოფას უკავშირდებოდა. ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.
კომპანია Enka Renewables-ი თურქული საინჟინრო და ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილია, კომპანია 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.