გამიჭირდება, რომ დადასტურებულად ვთქვა, იყო თუ არა დანაშაული და ჩაიდინა თუ არა კონკრეტულმა პირმა - ალექსანდრე დარახველიძე
გამიჭირდება, რომ დადასტურებულად ვთქვა, იყო თუ არა ეს დანაშაული და ჩაიდინა თუ არა კონკრეტულმა პირმა. მიუხედავად იმისა, ჩანდა თუ არა კადრებში, ამის შეფასება არ არის ჩემი უფლებამოსილება , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 2 დეკემბერს, რუსთაველის მეტროში მომხდარ ინციდენტს ეხება, სადაც სამართალდამცველი წაქცეულ შუახნის მამაკაცს ურტყამს.
„ძალის გამოყენება გულისხმობს იმას, რომ პოლიციას ეძლევა უფლებამოსილება, გამოიყენოს სპეციალური საშუალებები და ძალა, როდესაც აქცია-მანიფესტაცია ძალადობრივი ხასიათის ხდება ან კონკრეტულ შემთხვევაში დაკავების ღონისძიების ფარგლებში პოლიციას აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა იმისათვის, რომ მოხდეს სამართალდამრღვევი პირისა თუ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავება.
რაც შეეხება 2 დეკემბრის შემთხვევას, პოლიციამ ღონისძიება დაიწყო "თბილისი მერიოტის" მიმდებარე ტერიტორიიდან, მოხდა გადაადგილება რუსთაველის მეტროს მიმართულებით. დაახლოებით, ის დრო იყო, რომ მეტრო მუშაობდა და აქციის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, ტერიტორია მეტროს საშუალებით დაეტოვებინათ, ასევე იყო ცალკე მიმართულება „მაკდონალდსიდან“, სადაც აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლეს მრგვალი ბაღის გავლით ჭავჭავაძის გამზირზე და იქ გააგრძელეს შეკრება-მანიფესტაცია. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, თქვენ მთხოვთ სამართლებრივ შეფასებას იმ ფაქტისას, რაც არ წარმოადგენს ჩვენი სამსახურის კომპეტენციას. ფაქტობრივად, მთხოვთ, რომ განაჩენი გამოვიტანო ამ საქმესთან დაკავშირებით. გამიჭირდება, რომ დადასტურებულად ვთქვა, იყო თუ არა ეს დანაშაული და ჩაიდინა თუ არა კონკრეტულმა პირმა. მიუხედავად იმისა, ჩანდა თუ არა კადრებში, ამის შეფასება არ არის ჩემი უფლებამოსილება, ეს არის შესაბამისი საგარეო უწყებების უფლებამოსილება, ვინც იძიებს და აღძრავს საქმეებს“, - განაცხადა დარახველიძემ.