თეგებით ძიება

პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ სამ ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

29 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ სამ ახალგაზრდას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

21 წლის ახალგაზრდას, რომელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ეპიტაშვილმა შეუფარდა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

მოსამართლე ეპიტაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სასამართლოზე პოზიცია არ დაუფიქსირებია ბრალდებულს, ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

ადვოკატი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

რაც შეეხება 17 წლის მოზარდს, მას 29 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლას ედავებიან, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა. მასაც აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

კიდევ ერთ დაკავებულსაც, რომელმაც ბრალდების მიხედვით ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ფასადზე დამონტაჟებულ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე არსებულ სამეთვალყურეო სისტემას, მოსამართლე ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, მიმდინარე აქციების ფარგლებში, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ამ დროისთვის აღნიშნული მუხლებით 5 პირია დაკავებული.

საპროტესტო აქციების ფარგლებში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება არამხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს, არამედ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებითაც მიმდინარეობს, კერძოდ კი, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის.

ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა