ბოლოს და ბოლოს, ასადის რეჟიმი დაეცა... ჩვენ ყველას გვაქვს კითხვა, რა მოხდება შემდეგ - ჯო ბაიდენი
ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დასრულებას მიესალმა ჯო ბაიდენი. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ეს არის "ისტორიული შესაძლებლობა სირიის დიდხანს ტანჯული ხალხისთვის უკეთესი მომავლის ასაშენებლად," თუმცა ბაიდენმა, ასევე, აღნიშნა, რომ არსებობს რისკისა და გაურკვევლობის მომენტი.
"სირიაში 13-წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ, მეამბოხე ძალებმა ასადი აიძულეს გადამდგარიყო და დაეტოვებინა ქვეყანა. ბოლოს და ბოლოს, ასადის რეჟიმი დაეცა. ბაშარ ალ-ასადის და მანამდე მამამისის ავტორიტარული მმართველობა ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.
ჩვენ არ ვიცით სად არის ის, მაგრამ ვიცით, რომ ის მოსკოვშია. ჩვენ ყველას გვაქვს კითხვა, რა მოხდება შემდეგ - შეერთებული შტატები იმუშავებს პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან სირიაში, რათა დაეხმაროს მათ გამოიყენონ რისკების მართვის შესაძლებლობა.
პირველ რიგში, ჩვენ მხარს დავუჭერთ სირიის მეზობლებს, მათ შორის, იორდანიას, ლიბანს, ერაყსა და ისრაელს, თუ რაიმე საფრთხე წარმოიქმნება სირიისგან გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. უახლოეს დღეებში ვესაუბრები რეგიონის ლიდერებს. ასევე, რეგიონში ჩემი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს გავაგზავნი," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
სირიის ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვშია - ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.
რუსეთი, რომელიც ასადის რეჟიმის მოკავშირე იყო, აცხადებს, რომ მას ასადის მიერ ქვეყნის დატოვების საკითხში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მზად არის ასადების ოჯახს თავშესაფარი მისცენ.
ასადების ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა სირიაში მას შემდეგ დასრულდა, რაც მეამბოხეებმა დამასკო აიღეს. ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ქვეყანაში დაახლოებით 13 წლიანი სამოქალაქო ომი. შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პრეზიდენტის თვითმფრინავი რადარებიდან ხმელთაშუაზღვის ტერიტორიაზე დაიკარგა და არ გამორიცხავდნენ, რომ ბაშარ ალ ასადი მკვდარი იყო.