რატომ ღებავენ შვედეთში სახლებს წითლად?
შვედეთი ჩრდილოეთ ევროპის უდიდესი ქვეყანაა, რომელიც ულამაზესი ბუნებით, შუასაუკუნოვანი ქალაქებით და უნიკალური არქიტექტურით არის ცნობილი. თუ შვედურ სოფელში ან პატარა ქალაქში ერთხელ მაინც ყოფილხართ, შენიშნავდით, რომ გარშემო ბევრი წითელი სახლია, რომლებიც დათოვლილი ტყეების ფონზე განსაკუთრებით ლამაზად მოჩანან.
შვედეთში სახლების წითლად შეღებვის ტრადიცია 850 წლიდან იწყება, როდესაც ადგილობრივებმა ქალაქ ფალუნთან ახლოს მდებარე მთაზე სპილენძის მოპოვება დაიწყეს. სპილენძის მადანთან ერთად მისი ნარჩენი პროდუქტის - სპილენძის ოქსიდის მოპოვებაც ხდებოდა. მოგვიანებით, მისი სელის ზეთთან შერევა და წითელი საღებავის დამზადება დაიწყეს.
სპილენძის ოქსიდი მოსახლეობისთვის საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომი იყო, თანაც ხის სახლებს ლპობისა და მწერებისგან შესანიშნავად იცავდა. ასე რომ, დროთა განმავლობაში, შვედებმა სახლების წითლად შეღებვა დაიწყეს, რაც შვედეთის კულტურის ნაწილად და ეროვნულ სიმბოლოდ იქცა.
შვედეთში მკაცრი კლიმატი და სუსხიანი ზამთარია. წელიწადის ამ დროს დღეები მოკლეა და ადამიანებს მზის შუქი ენატრებათ, წითელი ფერი კი მათ სითბოსა და კომფორტის განცდას უღვივებს, თანაც თეთრი თოვლის ფონზე საოცრად ლამაზია და ზღაპრული პეიზაჟი იქმნება.
მაღაროს სიღრმე, სადაც მადნის მოპოვება ხდებოდა, ათას მეტრზე მეტს შეადგენდა და მის გარშემო მცენარეები არ ხარობდნენ. ბუნების მკვლევარმა კარლ ლინემ, რომელმაც 1734 წელს სპილენძის მაღარო დაათვალიერა, თქვა რომ ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე. როდესაც ლინე მიხვეულ-მოხვეული კიბეებით მაღაროში ჩავიდა, ერთიანად შავი, ჩონჩხად ქცეული მუშები დახვდნენ, რომლებსაც მუდმივად სიცოცხლისთვის ბრძოლა უწევდათ.
სპილენძის მადანი დიდი რაოდენობით გოგირდს, რკინას და მინერალებს შეიცავდა. იმ დროს მადნის მოპოვების პროცესი ადგილობრივი მაცხოვრებლების დახმარებით, ძალიან პრიმიტიულად ხდებოდა, რაც გარემოზე უარყოფით გავლენას ახდენდა. დროთა განმავლობაში, სპილენძის მაღაროს ირგვლივ ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფა განვითარდა - ახლომდებარე სოფლების თავზე ნახშირის წვის შედეგად წარმოქმნილი გაუვალი შავი კვამლის ღრუბლები დაეკიდა, ირგვლივ გოგირდის საშინელი სუნი იდგა და ადამიანები რამდენიმე ნაბიჯის იქით ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ყველაზე კარგად წითლად შეღებილი სახლები მოჩანდა.
მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებისთვის სპილენძის მაღარო უკვე წელიწადში მილიონ კუბურ მეტრზე მეტ ხეს მოიხმარდა. შესაბამისად, სახლების ასაშენებლად სუო უფრო ცოტა შეშა რჩებოდა, თან მისი ხარისხი უარესდებოდა, ამიტომ ხის სახლების საღებავით დაცვა აუცილებლობად იქცა. ლამაზი წითელი სახლები უბრალო არქიტექტურული თვისება კი არა, განსაკუთრებული კოლორიტი გახდა, რომლის დათმობა არავის სურდა. მომწამვლელი მაღარო მხოლოდ მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში დაიხურა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო, სახლების წითლად შეღებვის ტრადიცია კი დღესაც გრძელდება.