თეგებით ძიება

რა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას კედლის სოკო და როგორ ვებრძოლოთ მას?

ობის სოკო კედლებზე, ჭერსა თუ ავეჯზე - არა მხოლოდ ვიზუალური პრობლემაა, არამედ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობას. ობი გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებას-მიკოტოქსინს, რომელიც ძალიან მავნეა ადამიანებისა და ცხოველებისათვის. მის მიერ გამოყოფილი ნივთიერება აფლატოქსინი ძლიერი კანცეროგენია და იწვევს სიმსივნეს. ობმა შეიძლება გამოიწვიოს გაძნელებული ან ზედაპირული სუნთქვა, ხუთვა, ცხვირის ლორწოვანი უბეების გასიება, თვალების წვა, ცრემლდენა, გაწითლება, მშრალი წყვეტილი ხველა, ყელის წვა, თავბრუს ხვევა, შაკიკი, გამონაყარი კანზე, ასთმა, ალერგიის ისეთი ფორმები, რომელთა დიაგნოსტიკა ძალიან ძნელია, ტუბერკულიოზი, კიბო. შედარებით იოლად ერევა ადამიანებს, ვისაც სასუნთქი გზების პრობლემები აქვთ, ბავშვებს, სუსტი იმუნური სისტემის მქონეთ შინაგან ორგანოებზე შეიძლება მოედოთ. ამიტომ როგორც კი მას ბინაში აღმოაჩენთ, სასწრაფო ზომების მიღება უნდა დაიწყოთ. რისთვისაც, პირველ რიგში მისი გამომწვევი მიზეზის ძებნა უნდა დაიწყოთ.

რა არის ობის სოკო და რატომ ჩნდება იგი შენობებში?

ობის სოკო არის მიკროორგანიზმი, რომელიც ხელსაყრელ პირობებში ჩნდება და მრავლდება. ასეთი ხელსარელი პირობები კი მაღალი ტენიანობა გახლავთ, რა დროსაც გარემოში არსებული ობის სპორები ჯერ ზედაპირზე ეკრობიან, შემდეგ კი იწყებენ გაფუებას და გამრავლებას. შედეგად ზედაპირზე წარმოიქმნება მონაცრისფრო-მოშავო ნადები, რომელსაც სპეციფიკური სუნი აქვს.

კედლებზე ობის წარმოქმნისთვის ხელსაყრელი ტენიანობა  70-80%-ია. სწორედ ამიტომ, ობი ყველაზე ხშირად ჩნდება აბაზანაში, ტუალეტში და ცუდი ჰერმეტიზაციის მქონე ფანჯრებზე. იმ შემთხვევაში თუ შენობაში ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში 3-21 გრადუსის ფარგლებში ნარჩუნდება, პროცესი ჩქარდება და ობიც უფრო დიდ ფართობზე ვრცელდება.

კიდევ ერთი მიზეზი გახლავთ - ცუდი ვენტილაცია. რაც უფრო იშვიათად ნიავდება შენობა, მით უფრო დიდია რისკი, რომ ზედაპირებზე ობი წარმოქმნის რისკიც მაღალია.

ობის სოკოს სახეობები:

შავი - ჩვეულებრივ ჩნდება კედლის ფილებზე (კაფელზე), ბეტონის კედლებზე და შპალერებზე. ასეთი სოკო იკვებება ორგანული დაბინძურებით და ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ორგანიზმისთვის;

თეთრი - ასეთი ფერის ობის სოკო ხშირად წარმოიქმნება ნიადაგზე, ზედმეტი ტენიანობის გამო;

მწვანე - ხშირად ამ სახეობის ობი ხავსს მოგვაგონებს, იგი ძირითადად პურპროდუქტებსა და ციტრუსის ნაყოფებზე გვხვდება, თუმცა შენობებშიც ჩნდება: კედლებზე, ჭერსა და სხვა ზედაპირებზე;

ვარდისფერი - ყველაზე უვნებელი სახეობაა, რადგან მისი სპორები ზედაპირის სიღრმეში ვერ აღწევენ. ამ ტიპის ობი ნებისმიერი ტიპის ზედაპირიდან მარტივად შორდება;

ცისფერი - ყველაზე ხშირად ამ ტიპის ობის სოკო ხის ავეჯს აზიანებს. იგი ძირითადად საფრთხეს უქმნის ნატურალური ხის ავეჯსა და იატაკს - სწრაფად და ღრმად აღწევს მასალის სტრუქტურაში და სწრაფად ანადგურებს მას.

რამდენიმე ეფექტური საშუალება ობის სოკოს მოსაცილებლად:

1. სპეციალური ქიმიური საშუალებები - საყოფაცხოვრებო და სამშენებლო მაღაზოებში მისი დიდი არჩევანია, რომელიც სხვადასხვა ტიპის ობის სოკოსთვის სხვადასხვაა, ან უნივერსალურია და ყველა ტიპის ობზე გამოიყენება.

2. თეთრი ძმარი - იგი უნდა ჩაასხათ პულივიზატორში და მიასხათ დაზიანებულ ადგილებს, ერთი საათის შემდეგ კი კარგად ჩამოწმინდოთ, ან ჩამორეცხოთ.

3. წყალბადის ზეჟანგი - 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი საუკეთესო საშუალებაა ობის მოსაშორებლად. მიასხურეთ იგი ზედაპირს, 10 წუთის შემდეგ კი ჩამოწმინდეთ. 

4. საკვები სოდა - 1 სუფრის კოვზი სოდა გახსენით 500 მლ წყალში და კარგად აურიეთ სოდის სრულ გახსნამდე. პროცედურა საჭიროების შემთხვევაში რამდენჯერმე გაიმეორეთ.

5. მათეთრებელი - იგი გამოიყენება სააბაზანო ოთახში შუშასა და კაფელზე ობის მოსაშორებლად. მათეთრებელი უნდა გახსნათ 1:10-ზე წყალში და კარგად ჩამოხეხოთ დაზიანებული ადგილები, შემდეგ კი წყლით ჩამორეცხოთ.

თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ზემოთაღნიშნული საშუალებები მხოლოდ დროებით მუშაობს და თუ შენობაში ობის წარმოშობის მიზეზები არ აღმოიფხვრა, იგი მალე ისევ გაჩნდება. ამიტომ აუცილებელია სახლში მაღალი ტენიანობის მოხვედრის ყველა შესაძლო გზის აღკვეთა და გაძლიერებული ვენტილაციის უზრუნველყოფა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა