თეგებით ძიება
09. 01. 2025 მსოფლიო

ზელენსკი პრეზიდენტად კენჭისყრას მეორე ვადით აპირებს - telegraf

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით იყაროს კენჭი, - იუწყება „ტელეგრაფი“.

თავად ზელენსკის ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ცდილობს გადმოიბიროს მთავარი კონკურენტი - შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი, რომელიც ახლა გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის თანამდებობას იკავებს.

„ტელეგრაფი“- ის ინფორმაციით, ზელენსკის 52% ნდობა აქვს. გამარჯვების შანსი კი საპრეზიდენტო არჩევნებში იმ შემთხვევაში აქვს, თუ მასში მონაწილეობას ვალერი ზალუჟნი არ მიიღებს. გამომცემლობის ინფორმაციით, ზალუჟნიმ უკვე მიიღო შესაბამისი შეთავაზება.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გადასცა ზალუჟნის, რომ თუ ის არ წარადგენს თავის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე და დადგება ზელენსკის გვერდით, მიიღებს პირველ ადგილს პარტიაში „ხალხის მსახური“, უკრაინის უმაღლეს რადაში კი სპიკერის სავარძელს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ზალუჟნის სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება მაგალითად, რუსული ჯარისთვის 2022 წელს ჰერსონის გადაცემისთვის, წერს „ტელეგრაფი“ პოლიტიკურ წრეებზე დაყრდნობით, რომელთა სახელებს ანონიმურად ტოვებს.

ზალუჟნიმ ამ საკითხთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა.

„ჯერ შევინარჩუნოთ სახელმწიფოებრიობა, შემდეგ უკვე დავილაპარაკოთ“, - განაცხადა მან.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში შესაძლებელია ჩატარდეს მხოლოდ ომის ცხელი ფაზის დამთავრების შემთხვევაში.

ერთ-ერთ ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ის არ არის მზად გასცეს ზუსტი პასუხი იმის თაობაზე, აპირებს თუ არა მეორე ვადით პრეზიდენტად კენჭისყრას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა