თეგებით ძიება

სავარაუდოდ, გაისად ევროკოდებზე გადავალთ, რაც მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესებას და უფრო მდგრადი შენობების აგებას ხელს შეუწყობს - მალხაზ წიქარიშვილი

თბილისის მოსახლეობისთვის თანამედროვე საცხოვრებელი გარემოს შექმნისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მერიამ 2022 წელს „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა" დაიწყო, რომელიც ქალაქის მასშტაბით არსებული საბჭოთა პერიოდის ავარიული შენობების სრულად ჩანაცვლებას და განახლებას გულისხმობს. დღეისთვის დედაქალაქში 10 ათასამდე ასეთი სახლია და პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, საცხოვრებლად სახიფათო შენობა-ნაგებობები ქალაქისთვის უდიდეს გამოწვევად რჩება. როგორ ხდება პროგრამაში ჩართვა, რა სირთულეებს აწყდებიან დეველოპერები, როგორი უნდა იყოს სეისმურად აქტიურ რეგიონებში აგებული სახლი? - ამ და სხვა თემებზე TIA.GE-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი მალხაზ წიქარიშვილი ესაუბრა.

- ბატონო მალხაზ, თბილისში ბევრი ავარიული და საცხოვრებლად სახიფათო შენობა-ნაგებობაა, მაგრამ მათი ჩანაცვლების ნაცვლად, უმეტესად, ახალი ტერიტორიების ათვისება და ახალი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ დეველოპერები ავარიული სახლების ჩანაცვლებით დავაინტერესოთ?

_ საცხოვრებლად სახიფათო შენობა-ნაგებობის ჩანაცვლება ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. 2022 წელს თბილისის საკრებულომ გამოსცა დადგენილება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცებაზე, სადაც პირდაპირ გაწერილი იყო, რომ თუ შენობას მესამე, მეოთხე და მეხუთე კატეგორიის დაზიანება აქვს, მისი ახლით  ჩანაცვლება ხდება. ახლა მიმდინარეობს და ჩემთანაც იყო ექსპერტიზაზე შემოსული რამდენიმე პროექტი ე.წ. ხრუშოვკის კორპუსებზე საბურთალოზე, მოსკოვის პროსპექტზე, დიღმის მასივში და სანზონაში. რამდენიმე შენობაზე პროექტებიც გაკეთდა და როგორც ვიცი, მშენებლობებიც დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მერიამ ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილე დეველოპერებს მთელი რიგი უპირატესობები მიანიჭა.

_ კონკრეტულად, რომელ უპირატესობებს გულისხმობთ?

_ მაგალითად, ხუთსართულიანი შენობაზე ისეთ კოეფიციენტებს აძლევენ, რომ დეველოპერს შეუძლია ორჯერ მეტის, ანუ 10 სართულის მშენებლობა განახორციელოს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმულია იმისთვის, რომ კომერციული თვალაზრისით, მშენებლობა მისთვისაც მომგებიანი იყოს. ალბათ გახსოვთ, წლების წინ სპორტის სასახლის უკან, ე.წ. ბარაკების აღება მოხდა და ტერიტორიაზე დეველოპერები შევიდნენ. იმ დროს დეველოპერული ფირმები ასე განვითარებული არ იყო - ზოგი მშენებლობას ვერ ამთავრებდა, ზოგს მოსახლეობასთან პრობლემები ექმნებოდა, ზოგჯერ ერთი ბინის ორჯერ გაყიდვა ხდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, პრობლემები დაიხვეწა და მოსახლეობასა და დეველოპერებს შორის ნდობა გაჩნდა. ასე რომ, ეს ნდობის პრობლემა უფრო არის, ვიდრე დეველოპერების დაინტერესების პრობლემა. სხვა პრობლემებიც გვხვდება..  ზოგჯერ ერთ საკადასტროზე აშენება ჭირს და დეველოპერისთვის არამომგებიანია, ამიტომ შეიძლება ნაკვეთები გაერთიანდეს და დიდი მშენებლობა განხორციელდეს. ძველი თბილისის განვითარების ფონდმა ვითარება უნდა შეისწავლოს და მოსახლეობის ინფორმირება მოახდინოს, რომ დეველოპერი სანდოა და მშენებლობით არავინ დაზარალდება, პირიქით, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება. ერთი სიტყვით, მოსახლეობის და დეველოპერების ურთიერთთანამშრომლობის და სანდოობის პრობლემა ნამდვილად მნიშვნელოვანი. ბათუმში რამდენიმე ექსპერტიზა ჩავატარე და იქაც იგივე პრობლემა იყო - დეველოპერებს შესვლა უნდოდათ, მაგრამ მოსახლეობა ეჭვით უყურებდა - აშენდება? ხომ არ გადამაგდებენ და ა.შ. 

_  ავარიულ სახლებში ცხოვრება ურჩევნიათ?

-  ხდება ხოლმე, რომ მოსახლეობას საკუთარი უბნიდან ან სახლიდან გასვლა არ სურს. რამდენიმე წლის წინ, ოქროსუბანში გამოვკვლიეთ შენობა, რომელსაც გამჭოლი ბზარები ჰქონდა, მაგრამ პატრონი ჯიუტად იმეორებდა - აქედან არსად წავალ, ჩემი სახლი მაგათ ახალ შენობას მირჩევნიაო. სამწუხაროდ, ასეთი კატეგორიაც არსებობს.  

- თქვენი აზრით, სეისმურად აქტიურ საქართველოში როგორი სახლების აშენება ჯობს? ვგულისხმობ პროექტს, სართულების რაოდენობას და ა.შ

_ რა თქმა უნდა, სეისმომედეგი სახლები უნდა აშენდეს და ჩვენი მთავრობის მხრიდან  ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი რეგლამენტები მივიღეთ და სეისმომედეგი მშენებლობა მშენებლობის პროექტების სისწორეს მკაცრად არეგულირებს. ძალიან დაგვეხმარა ამ მიმართულებით აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების შესვლაც, რომელთა სანდოობა უფრო მაღალია, ვიდრე კერძო ექსპერტების, რაც კოდექსშიც ასახულია. რაც შეეხება იმას, როგორი სახლები უნდა აშენდეს, პირველ რიგში სეისმომედეგი სახლები უნდა აშენდეს. სართულიანობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს. ადგილი, სადაც ამხელა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა იწყება, ძალიან ზუსტად უნდა იყოს შესწავლილი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რა გრუნტზე ვაფუძნებთ შენობას, რადგან ყველა პრობლემა აქედან იწყება. თუ ეს ზუსტად არის გათვლილი, იწყება გეოფიზიკური კვლევები და ა.შ. უკვე შეიქმნა კონსტრუქტორების ჯგუფები, რომლებსაც მაღლივი შენობების მშენებლობის დიდი გამოცდილება აქვთ და არ დაუშვებენ, რომ კონსტრუქცია არამდგრადი იყოს. შემდეგი ეტაპი არის ხარისხიანი მშენებლობა და კონტროლი - პროექტით აშენდა თუ არა. კოდექსში პირდაპირ გაწერილია, რომ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები მე-3, მე-4, მე-5 კლასის ყველა ობიექტზე უნდა იყოს ზედამხედველი ინსპექტირების ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ამ მშენებლობის პროექტთან შესაბამისობაზე, ხარისხზე და მდგრადობაზე. პროექტის შესაბამისობასთან ერთად, მასალების ხარისხიც უმჯობესდება. ახლა ევროკოდებიც შემოდის. 10 კოდია, რომელიც უფრო მაღალი სტანდარტია, ვიდრე ჩვენი რეგლამენტები. აქედან 4 უკვე თარგმნეს და მათი სტანდარტებში გამოყენება შესაძლებელია. ეს ჯერჯერობით ნებაყოფლობითია, მაგრამ სავარაუდოდ, გაისად ევროკოდებზე გადავალთ, რაც მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესებას და მდგრადი შენობების აგებას ხელს შეუწყობს. ასე, რომ სეისმურად აქტიურ რაიონებში და რეგიონებში მაღლივ შენობებსაც აშენებენ, მაგრამ ისე უნდა იყოს დაპროექტებული, რომ იმ მდგრადობას მივაღწიოთ, რომელსაც სეისმური საშიშროების რუკა ითვალისწინებს. 

- მსფლიოში სულ უფრო პოპულარული და აუცილებელი ხდება „მწვანე არქიტექტურის“ განვითარება, რომელიც გარემოზე ზეგავლენას მინიმუმამდე ამცირებს. საქართველოში თუ არსებობს ინტერესი „მწვანე არქიტექტურის“ მიმართ?

-  „მწვანე არქიტექტურა“ მთელ მსოფლიოშია, მაგრამ ზოგან უფრო მეტად არის განვითარებული, ზოგან უფრო ნაკლებად. ჩვენთან ახლა დაიწყეს და უკვე დადგენილებაც მიიღეს ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (2021 წლის 354-ე დადგენილება). ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობაში მოგვთხოვეს ენერგოეფექტურობის გაზრდა და პროექტებში ენერგოეფექტურობაზე მინიმალურ მოთხოვნებს უკვე ითვალისწინებენ. ენერგოეფექტურობა როგორც ეკოლოგიურად, ასევე მოსახლეობის კომფორტისთვისაც ძალიან კარგია. გარდა ამისა, უკვე შემოდის ჭკვიანი სისტემები, სადაც რეგულირდება გათბობა, ელექტროენერგიის მოხმარება, ვენტილაციისა და წყლის მოხმარება და რაც მთავარია, ერთ ერთი ფაქტორია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებისა და მზის ენერგიის გამოყენება 

- რამდენ ხანში დაიწყება საქართველოში ასეთი სახლების მშენებლობა?

- უკვე დაწყებულია, ოღონდ ნელ-ნელა ვითარდება. შეიძლება ყველა ასპექტს ვერ ითვალისწინებენ, მაგრამ ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკების დამზადება და გამოყენება უკვე დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს  მშენებლობას და ბინების ღირებულებას აძვირებს, მაგრამ შენობის მოხმარების დროს  ძალიან დიდ ეფექტს იძლევა - კომუნალური გადასახადები ნაკლებია, კომფორტი მეტი და რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგია, რომ მშენებლობაში კანცეროგენური მასალები არ არის გამოყენებული. ასე, რომ ეს მსოფლიოს და მათ შორის, საქართველოს მომავალია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა